ქართული მოკლემეტრაჟიანი კინო ხშირად ახერხებს იმაზე მეტის თქმას, ვიდრე დიდი ბიუჯეტისა და ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ფილმები. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთია საკმარისი იმისთვის, რომ მაყურებელი ფიქრებში ჩაძირო. ისეთ კითხვებზე დააფიქრო, რომლებზეც პასუხი მარტივად არ არსებობს. სწორედ ასეთია გიორგი უბილავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გისოსებს მიღმა“ (2023).
ეს არ არის უბრალოდ შურისძიებაზე გადაღებული ფილმი. სინამდვილეში, ესაა ამბავი ადამიანებზე, რომლებმაც წლები სინდისის ქენჯნასა და შურისძიებაზე ფიქრში გაატარეს, თუმცა, როცა საბოლოოდ დგება მომენტი, რომელზეც წლები ფიქრობდნენ, ყველაფერი ისე მარტივად აღარ გამოიყურება, როგორც წარმოედგინათ.
ფილმის მთავარი გმირი გიაა (დავით ხახიძე), კაცი, რომელიც რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ ტოვებს ციხეს. მაყურებელი თავიდანვე გრძნობს, რომ მის თავში მხოლოდ ერთი მიზანია დარჩენილი. ის ციხიდან პირდაპირ მიდის იმ ადამიანის (ვახო ჩაჩანიძე) სახლში, რომელმაც შვილი მოუკლა. საინტერესოა, რომ რეჟისორი მას სახელსაც კი არ აძლევს. თითქოს ეს ადამიანი კონკრეტული პიროვნება არ არის, მხოლოდ „მკვლელია“. ცოდვა, დანაშაული და ტკივილი ერთ სახელშია გაერთიანებული.
ფილმი თავიდანვე დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. მათი პირველი შეხვედრისას გიას სიჩუმე, მისი სახის გამომეტყველება ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე დიალოგი. ადვილი მისახვედრია, რომ ეს შეხვედრა მშვიდად ვერ დასრულდება. როცა მკვლელი პირველივე კითხვას უსვამს – „ხომ ჩემთვის მოხვედი?“, უკვე ჩანს, რომ მას საკუთარი განაჩენი მიღებული აქვს. ის არ ცდილობს გაქცევას, არც გამართლებას. ყველაზე მეტად კი მცირეწლოვანი შვილების გამო ეშინია.
ყველაზე ძლიერი მომენტი მინდორში გამართული ეპიზოდია. ორი ადამიანი დგას ერთმანეთის პირისპირ – ერთი შურისძიებისათვის მისული, მეორე კი საკუთარი სასჯელის მოლოდინში. მკვლელის ნათქვამი ფილმის მთავარ სათქმელად იქცევა: „სულ არ არის საჭირო ცივი კედლები, თუ დარაბებით დაბნელებული გონება წარსულის მეტზე არაფერზე ფიქრობს.“ ეს ფრაზა თითქოს მთლიან ფილმს აჯამებს. რეჟისორი მიუთითებს, რომ ადამიანი შეიძლება ციხეში სულაც არ იყოს, მაგრამ საკუთარი სინდისის პატიმრად დარჩეს. მისი გონება, ტკივილი და წარსულში გაჩერებული ცხოვრება ბევრად მძიმე საკანი აღმოჩნდა.
ფილმის ყურებისას გახსენდება ლოცვის სიტყვები:
„მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (მამაო ჩვენო). ძალიან რთულია ამ სიტყვების რეალურად შესრულება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შვილის მკვლელობას ეხება. ფილმი ზუსტად ამაზე გვაფიქრებს – არსებობს კი ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს შურისძიებაზე უარს ათქმევინებს? შეიძლება თუ არა პატიება მაშინ, როცა ტკივილი ბოლომდე არასოდეს ქრება? ღმერთის გარეშე ამხელა საქმის გაკეთება შეუძლებელია.
გია სწორედ ამ ზღვარზე დგას. მთელი ფილმის განმავლობაში თითქოს ველოდებით გასროლის ხმას. რეჟისორი მაყურებელს შეგნებულად ტოვებს დაძაბულ მდგომარეობაში შურისძიების მოლოდინში, მაგრამ გია მიდის, ტყვია არ ვარდება. ეს სცენა განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. იმიტომ არა, რომ მოულოდნელია, არამედ იმიტომ, რომ ადამიანურია. გიას შეუძლია მოკლას, მაგრამ აღარ აკეთებს ამას. თითქოს ბოლოს ხვდება, რომ მკვლელობით საკუთარ ტკივილს ვერ გააქრობს. შეიძლება პირიქითაც კი კიდევ უფრო დიდ ბნელში აღმოჩნდეს. ვერ იმეტებს მკვლელის ოჯახს ტკივილისათვის.
ყველაზე საინტერესო ჩაჩანიძის პერსონაჟის რეაქციაა. ის გამწარებული მისდევს გიას. თითქოს მისთვის სიკვდილი უფრო მარტივი იყო, ვიდრე სიცოცხლის გაგრძელება საკუთარი დანაშაულის ტვირთით. მაყურებელი ხვდება, რომ სინამდვილეში ორივე ადამიანი პატიმარია ერთი შურისძიების, მეორე კი დანაშაულისა.
დასასრული ძალიან სიმბოლურია. მკვლელის შვილები სახლში ტორტით ერთობიან, იმ ტორტით, რომელიც გიას მეგობარმა მისი თავისუფლების აღსანიშნავად იყიდა. ეს, ერთი შეხედვით, პატარა დეტალია, მაგრამ უზარმაზარ აზრს ატარებს. ტორტი, რომელიც თავისუფლებას აღნიშნავდა, საბოლოოდ ბავშვებთან აღმოჩნდა. თითქოს რეჟისორი ამბობს, რომ ნამდვილი თავისუფლება შურისძიებაზე უარის თქმაშია.
„გისოსებს მიღმა“ მხოლოდ 12 წუთი გრძელდება, მაგრამ ფიქრში ბევრად დიდხანს მიგყვება. ეს არის მოკლემეტრაჟიანი კინოს ყველაზე დიდი ძალა, მოკლე დროში შეძლოს ადამიანის აფორიაქება.
დღეს ბევრი რეჟისორი ცდილობს ფილმის შინაარსი მხოლოდ ხანგრძლივობით ან ხმაურიანი სცენებით დატვირთოს. თითქოს აუცილებელია ორი საათი, უამრავი დიალოგი და ზედმეტად გაწელილი სიუჟეტი. უბილავას ფილმი საპირისპიროს ამტკიცებს. სულაც არ არის საჭირო ქრონომეტრაჟი დიდი იყოს. მთავარია სათქმელი.
„გისოსებს მიღმა“ ზუსტად ასეთი ნამუშევარია. იგი ზომიერია თითქმის ყველაფერში: ემოციაში, დიალოგებში, მუსიკაში და მსახიობების შესრულებაში. ისინი ზედმეტ თეატრალურობას არ იყენებენ. მათი სიჩუმეც კი ემოციურია. განსაკუთრებით მკვლელის პერსონაჟი ტოვებს შთაბეჭდილებას. მის თვალებში მუდმივი შიში და დანაშაულის განცდა ჩანს, გიას პერსონაჟი კი მთლიანად ჩაკეტილია საკუთარ თავში, რაც მის ტკივილს კიდევ უფრო მძაფრს ხდის.
თუმცა, მიუხედავად ძლიერი იდეისა და ემოციური გავლენისა, ფილმს პრობლემებიც აქვს. ყველაზე დიდი ნაკლი სიუჟეტური დეტალების ნაკლებობაა. ყურებისას ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ პასუხები არ არის – რატომ იჯდა გია ციხეში? რატომ არ იყო მკვლელი ციხეში? რა გახდა საერთოდ მკვლელობის მიზეზი? როგორ განვითარდა ეს ტრაგედია? ეს კითხვები მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ პერსონაჟების ტკივილი ბოლომდე გაგვეგო. შესაძლოა, რეჟისორს განზრახ უნდოდა ყველაფრის დაუზუსტებლად დატოვება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ფილმს არასრულ სახეს აძლევს. მაყურებელი ვერ ახერხებს სრულად ჩაერთოს ამბავში, რადგან წარსული ბუნდოვანი რჩება.
ფილმის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ხმის ხარისხია. რამდენიმე ფრაზა გაურკვევლად ისმის, რაც განსაკუთრებით ასეთ ფილმში პრობლემურია. როცა ნამუშევარი დიალოგებსა და ემოციურ დატვირთვაზე დგას, თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია. მაყურებელი არ უნდა კარგავდეს ფრაზებს, რომლებიც შეიძლება ფილმის მთავარი აზრის გასაღები იყოს.
ასევე შესამჩნევია ოპერატორული მუშაობის პრობლემებიც. ზოგიერთ სცენაში ყველაფერი ზედმეტად სწრაფად ვითარდება. კადრები ერთმანეთს ისე ცვლის, რომ ემოციის გააზრებას ვერ ასწრებ. ფილმს მეტი ნელი ტემპი სჭირდებოდა. მეტი დრო პერსონაჟების სახეებზე. განსაკუთრებით იმ მომენტებში, როცა შურისძიებასა და მიტევებას შორის ბრძოლა მიმდინარეობს. რადგან ფილმის მთავარი ძალა ემოციაა, ოპერატორული გადაწყვეტებიც უფრო მეტად უნდა ემსახურებოდეს ამ განცდის გაღრმავებას. აქ კი ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეჟისორი ამბის სწრაფად მოყოლას ცდილობს და ემოციური პაუზები აკლდება.
მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, „გისოსებს მიღმა“ მაინც ახერხებს მთავარი მიზნის შესრულებას, გაფიქრებს და, ალბათ, სწორედ ეს არის ნამდვილი კინოს დანიშნულება. შეიძლება ფილმი ტექნიკურად იდეალური არ იყოს, მაგრამ თუ დასრულების შემდეგ ადამიანი ფიქრს იწყებს, ეს უკვე გამარჯვებაა.
ამიტომაც არის ფილმის სათაური ძალიან ზუსტი – „გისოსებს მიღმა“. გისოსები მხოლოდ ციხეს არ ნიშნავს. ადამიანი შეიძლება გარეთ იყოს და მაინც საკუთარ ტკივილში ცხოვრობდეს. შეიძლება თავისუფლად დადიოდეს, მაგრამ წარსული ანადგურებდეს.
ფილმი ასევე გვახსენებს, რამდენად რთულია მიტევება. სიტყვებით პატიებაზე საუბარი ადვილია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს თითქმის შეუძლებელი ჩანს. მითუმეტეს მაშინ, როცა შვილს ეხება საქმე. ძალიან დიდი ადამიანი უნდა იყო, რომ შვილის მკვლელს არ ესროლო კი არა, საერთოდ შეხედო და მაინც, გია ამას ახერხებს. შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ იმ წამს მაინც უარს ამბობს ბოროტების გაგრძელებაზე. სწორედ ეს მომენტი აქცევს ფილმს უბრალო კრიმინალური ამბიდან ადამიანურ დრამად.
ყველაზე დიდი პრობლემა ხშირად თავად სოციუმშია, რომელიც ადამიანს ბავშვობიდანვე ასწავლის, რომ პატიება სისუსტეა, შურისძიება კი ძალა. განსაკუთრებით ჩვენს რეალობაში, სადაც კაცობას ხშირად აგრესიასთან, სიმკაცრესთან და სამაგიეროს გადახდასთან აიგივებენ, ძალიან რთულია ადამიანმა ტკივილის მიუხედავად მიტევება აირჩიოს. საზოგადოებაში დღემდე არსებობს აზრი, რომ თუ ვინმეს არ გადაუხადე სამაგიერო, ეს ნიშნავს, რომ სუსტი ხარ, შეგეშინდა ან ღირსება დაკარგე. სწორედ ეს დამოკიდებულებაა ყველაზე საშიში, რადგან ადამიანებს ბოროტების წრეში ამყოფებს. ერთ შურისძიებას მეორე მოჰყვება, მესამე და საბოლოოდ აღარავინ ფიქრობს იმაზე, სად მთავრდება ეს ყველაფერი.
სინამდვილეში კი პატიება ბევრად დიდ ძალას მოითხოვს, ვიდრე სამაგიეროს გადახდა. გაბრაზებულ ადამიანს იარაღის აღება მარტივად შეუძლია, მაგრამ საკუთარ თავზე გამარჯვება გაცილებით რთულია. მაშინ, როცა ტკივილი შიგნიდან გწვავს და მთელი სამყარო შურისძიებისკენ გიბიძგებს, სწორედ იმ მომენტში თქვა უარი ბოროტებაზე, ეს არის ნამდვილი სიმტკიცე. მიტევება არ ნიშნავს დავიწყებას ან იმის გამართლებას, რაც მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას, იმავე სიბნელეში ჩავარდეს, რომელმაც სხვები გაანადგურა.
დღევანდელ ქართულ კინოში, სადაც ხშირად ერთი და იგივე თემების ტრიალს ვხედავთ ძველბიჭობის, კრიმინალის, ძალადობისა და ნარკოტიკის რომანტიზების სახით, ამათ ფონზე „გისოსებს მიღმა“ სასიამოვნო გამონაკლისად ჩანს. გიორგი უბილავას ფილმი არ ცდილობს მაყურებლის მოხიბვლას ხელოვნურად ქუჩური დიალოგებითა თუ აგრესიის ესთეტიზებით. პირიქით, ეს არის ნამუშევარი, რომელიც მთლიან ყურადღებას ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე ამახვილებს. მისი მთავარი ძალაც სწორედ აქ იმალება – ის ადამიანურ ემოციებზეა აგებული. ტკივილზე, სინანულზე, დანაშაულის განცდაზე, მიტევებასა და იმ შინაგან ბრძოლაზე, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავთან გადის. აქ პერსონაჟები არ არიან იდეალიზებული „კაი ბიჭები“, რომლებიც ძალადობით ამტკიცებენ საკუთარ სიმართლეს. ისინი უბრალო ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი შეცდომებისა და წარსულის ტვირთით ცხოვრობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფილმი შურისძიებას გმირობად არ გვაჩვენებს.
ხელოვნება მხოლოდ გართობა არ არის, მას შეუძლია საზოგადოებაზე გავლენა, ადამიანის აზროვნების შეცვლა და იმ პრობლემებზე დაფიქრება, რომელსაც ყოველდღიურობაში ვეღარ ვამჩნევს. ფილმის მთავარი დანიშნულებაც სწორედ ეს უნდა იყოს – სწორი სათქმელის სწორად მიტანა მაყურებლამდე. კინო ძალიან ძლიერი იარაღია და მისი გამოყენება მხოლოდ შოკისთვის, ხმაურისთვის ან იაფფასიანი პროპაგანდისთვის ხელოვნების მნიშვნელობას აკნინებს. ნამდვილი ხელოვნება ადამიანს ფიქრს აიძულებს, საკუთარ თავში ახედებს და უკეთესობისკენ ცვლის. სწორედ ამიტომ სწორი იდეოლოგიის ჩანერგვა ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს ყველაზე დიდი საქმეა.
თეონა ვეკუა






