წარსულისა და აწმყოს უცნაური შეხვედრა

ადამიანს იზიდავს, რაც რეალობას მიღმაა, იდუმალია და ამოუხსნელია და ის ისწრაფვის თვალხილული გახდეს, მზერა გამჭოლად აქციოს და დაინახოს, რასაც „შეუიარაღებელი“ თვალი ვერ ხედავს.

კაცობრიობის მეხსიერება ბევრ ინფორმაციას ინახავს, რაც თაობებს გადაეცემა. ხსოვნა ცნობიერებას აყალიბებს. წარსულის ექო აღწევს დღემდე და თანამედროვეობაზე მოქმედებს. ამგვარი „ცოდნით“ აღჭურვილი, მოაზროვნე ადამიანი ძიებას, პირველ რიგში, საკუთარ თავში იწყებს (საიდან მოვედით? ვინ ვართ? საით მივდივართ? და საით გვინდა წავიდეთ?) და გარკვეულ გეზს ისახავს მაშინაც კი, როდესაც სჯერა – ბედისწერას თავისი კანონები და გეგმები აქვს. შემდეგ, როცა ყველაფერი გროვდება, ხდება შეჯახება და ამოფრქვევა. აფეთქებები ახალ გარემოებებს ბადებენ და მოულოდნელ კონსტრუქციებს აწყობენ. მექანიზმი მოძრაობაში მოდის და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია.

ეს მარადიული პროცესია და, ერთხელაც, როდესაც ვიღაც იგივე გზას დაადგება, აღმოაჩენს, რომ სამყაროში არაფერი იცვლება – ადამიანის, საზოგადოების ბუნება, არსებობის წესი, მისწრაფებები, ქმედება თუ უმოქმედობა, გულგრილობა თუ თანაგანცდა ისეთივეა, როგორც სხვა დროს ყოფილა; უცვლელია, როგორც სამყაროს შეცნობისა და მის „მწყობრ“ სისტემაში რაიმეს გარდაქმნის სურვილი.

ასეთი ძიებებისა და მოგზაურობის მოწმე და თანამონაწილე ხდება ალეკო ცაბაძის კინოსურათის, „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) მაყურებელი. ფილმი ორმაგ კონცეპტებს შეიცავს – პრივატულსა და ზოგადსაკაცობრიოს, პირადი ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან – პრუსტისეულ საერთო ფსიქოლოგიზმამდე – თანამედროვე საზოგადოების სულიერ პორტრეტად განზოგადებამდე; პრობლემატიკას – კონკრეტულსა და მარადიულს, მოქცეულს არაორდინალურ ფორმაში.

მეტაფორებისა და სიმბოლოების ერთიანობით, გამოსახულების ერთგვარობითა და კონტრაპუნქტულობით, ალეკო ცაბაძე ქმნის სამყაროს, რომელშიც რეალობას წარმოსახვა ანაცვლებს, წარსული ისე ახლოს მოდის აწმყოსთან, რომ გარჩევა – რომელი დროა, რომელია „ნამდვილი“ რეალობა და რომელი „გამოგონილი“ – რთულია და მათ შორის ზღვრის გავლება – შეუძლებელი. მოვლენებისა და „ობიექტების“ სიურრეალისტური გადაკვეთა და „შეხვედრა“ კი, განსჯის ახალ პირობებსა და კონსტრუქციებს აწყობს და ამეტყველებს.

ფილმის მთავარი გმირი, რენე დადიანი (ნიკო თავაძე) ახალგაზრდებს რეჟისურას ასწავლის, თან გაზის ბალონების დამტარებლად მუშაობს, რაც საშუალებას აძლევს, შეხვდეს სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვა ფენის წარმომადგენელს და საზოგადობის ცხოვრების უცნობი შრეები აღმოაჩინოს. გზადაგზა იგი ყველაფერს აკვირდება და კინოკამერით იღებს. ეს კადრები და უცნაური ხილვები მისგან დამოუკიდებლად ახალ განზომილებებში გადადიან და ახალ დროით-სივრცით შრეს ქმნიან – რენეს წარმოსახვასა თუ სინამდვილეში. თუმცა, ეს ყველაფერი, შეიძლება, ერთი და იგივეა.

ფილმში ცხოვრება ჩვეულებრივ, ერთფეროვნად მიედინება. საზოგადოების ყოფა არაფრითაა გამორჩეული. შემდეგ ამ მყარი და თანასწორრგოლებიანი ჯაჭვის რღვევა იწყება, თუმცა სხვისთვის შეუმჩნევლად. მხოლოდ რენესთვის.

რას ეძებს რენე – საკუთარ თავს, წინაპრებთან შეხვედრა და მათი საიდუმლოს ამოხსნა სურს, წარსულში გარკვევა, თუ აწმყოს შეფასება? მისი გონება, ფანტაზია, უნივერსალური მეხსიერება წარსულიდან „იკვებება“ – ოდესღაც მომხდარი ისტორიული ფაქტების მატერიალიზებითა თუ ძველ ფოტოების გაცოცხლებით; იმისგან, რაც ხდება და იმისგანაც, რაც შეიძლება, მოხდეს. ან იქნებ გზას ეძებს იქ, სადაც არ არის და ეძებს ჩიხიდან გამოსავალს, რომელსაც ბოლო არ უჩანს?!

ის ცდილობს გაარღვიოს დროისა და სივრცის მყარი კედელი, რომლის მიღმაც (ისევე, როგორც აწმყოში) მრავალი საფრთხე ელოდება, სადაც მუდმივმოქმედი ნაღმებია ჩადებული, რომლებიც, ყოველი მორიგი კარის შეღებისას, ერთი მეორის მიყოლებით ფეთქდებიან.

სამყარო კი „მონსტრებითაა“ დასახლებული, რომლებსაც რენე „იაჰუებს“ უწოდებს და რომლებიც ფიზიკურად – საზოგადოების ფსკერს, განზოგადებულად კი – სულიერი დაცემისა და დეგრადირების მდგომარეობას ასახავენ. იაჰუებს დაუპყრიათ ქალაქი და ქუჩებს მოსდებიან, თანდათან მრავლდებიან. მათაც შორი გზა გამოუვლიათ, საუკუნეებს ითვლის მათი არსებობა დედამიწასა და ადამიანების წარმოსახვაში.

ჯონათან სვიფთის „გულივერის მოგზაურობაში“, ჰუინგჰნმების ქვეყანაში იაჰუები – ადამიანის მსგავსი, ადამიანის სახედაკარგული არსებები ცხოვრობენ, რომლებსაც სულიერება არ გააჩნიათ. ამას ციტირებს ფილმში ალეკო ცაბაძე „იაჰუთა კასტის“, რაც პოსტმოდერნისთვის დამახასიათებელი ციტირებების (პირდაპირი თუ ასოციაციური) მწყობრ სისტემაშია მოქცეული.

წარსული ილიას მკვლელობის რეკონსტრუქციაა. როგორადაც რენე ხედავს თუ წარმოიდგენს გზას – წიწამურიდან საგურამომდე და ერის ტრაგედიას, რომელიც ამ გზაზე დატრიალდა. მკვლელები კი, იაჰუები არიან.

სწორედ იაჰუებსა და უსამართლობის, ძალადობის, სულიერი ფასეულობების გარეშე არსებობის წინააღმდეგ იწყებს რენე ბრძოლას; შეიძლება ქარის წისქვილებთანაც, შეიძლება საკუთარ თავთან ან იმ „იაჰუსთან“, რომელიც შეუმჩნევლად მასვე „ჩასახლებია“.

შინაგანი ჭიდილი ფიზიკურ „საომარ“ მოქმედებებში გადაიზრდება და იმ ომების მეტაფორად იქცევა, რომლებიც იყო. რენე მარტოა ბრძოლაში სამყაროს წინააღმდეგ. ომი მასშია. რენე იბრძვის იმიტომ, რომ აღასრულოს მისია – შეცვალოს საზოგადოება, გარემო და მოსპოს ძალადობა; იმისთვის, რომ ომი არ იყოს. პაციფისტის ომი მშვიდობისთვის!

რენეს არჩევანია – წარმოსახვის გაძლიერებით გაარღვიოს დროის კედელი, იპოვოს, რაც ოდესღაც იყო და მიაგნოს მიზეზებს, თუ რა მოხდა საზოგადოებაში, რატომ დაკარგა სულიერება, ან, რა ემართება პირადად მას…

რენესაც, ჰამლეტივით, თითქოს „წყეულმა ბედმა არგუნა დროთა დარღვეული კავშირის შეკვრა“, იმ სულიერი წონასწორობის აღდგენა, რომელიც სამყაროში ოდესღაც არსებობდა. ცდილობს აღიდგინოს შინაგანი ბალანსი, რომელიც მუდამ უსხლტება ხელიდან და ამავე დროს, მჭიდროდ იჯაჭვავს.

აქ ორი დრო და სამყარო პარალელურად არსებობს, მაგრამ ისინი ერთმანეთზე დამოკიდებული და ურთიერთგამომდინარეა, ამიტომ, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ხშირად იკვეთებიან და საბოლოოდ ერთ წერტილში იყრიან თავს.

ჟან-პოლ სარტრი „ალტონელ განდეგილებში“ წერს: „საკუთარი ციხიდან გაქცევა შეუძლებელია“ და რენეც რჩება საკუთარი თავის ტყვეობაში. მას თავისუფლება, საკუთარი თავისგან გაქცევა უნდა და უგზოობის მსხვერპლი ხდება, რადგან კედლები, რომლებიც თვითონ აღმართა, ყველაზე მყარი და დაუძლეველი აღმოჩნდა. დროის, სივრცის ბარიერის გარღვევა არ ყოფილა ისეთი რთული, როგორიც შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვაა და საკუთარ თავში ახალი და მოულოდნელი არსებების აღმოჩენის პროცესი.

უწყვეტი, უსასრულო წრე ერთ ციკლს ჩაასრულებს, მაგრამ არაფერი მთავრდება. არაფერი იცვლება სამყაროში, თუნდაც ფილმის დასასრულიდან დასაწყისამდე, იმ დროიდან – როდესაც რენემ პირველად შეაბიჯა ახალ სივრცეში, რომელიც ან წარმოსახვითი და ილუზორულია, ან რეალობაა. აქ ბევრი კითხვის ნიშანია და ფაქტობრივად, პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც ჯერ რენეს უჩნდება და შემდეგ – მაყურებელს.

რა არის ეს უცნაური „თამაში“ – წარმოსახვას, რეალობას, წარსულს, დოკუმენტს (ფილმში არა ერთი რეალური ისტორიისა თუ ისტორიული პიროვნების ამბის თავისებური ინტერპრეტირებაა), გამონაგონსა და მისტიკურ (ამოუცნობ) მოცემულობებს შორის – რენეს თავგადასავალი, თუ მისი შერყეული (აღგზნებული) გონების, ფანტასმაგორიული ხილვების ნაყოფი? მიჯნაა – სიგიჟის ზღვარი, თუ – გამყოფი ზოლი აწმყოსა და წარსულს, რეალობასა და გამონაგონს, პირობითსა და სინამდვილეს შორის – საკუთარი თავისა და საზოგადოების, სამყაროს არსის შეცნობის წინააღმდეგობრივ მოგზაურობაში?

რაც წარსულში მოხდა, ძალდაუტანებლად გადმოდის აწმყოში. შემდეგ თითქოს უკვალოდ ქრება, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა და როდესაც შენ, რენესთან ერთად იწყებ ფიქრს და თითქმის იჯერებ, რომ მართლაც ფანტაზია თუ სიზმარი იყო ყველაფერი, კვლავ ჩნდება მთავარი იაჰუ – ვაცა ლერწმისელი (ცოტა ხნის წინათ, შელახული ღირსების გამო, რენეს მიერ თითქოს მოკლული) და თოლიების დაპურებას იწყებს თავის „მკვლელთან“ ერთად.

სწორედ ესაა მთავარი ალეკო ცაბაძის ფილმში – მიპატიჟება უცხო მხარეში სამოგზაუროდ და მაყურებლისთვის დატოვებული არჩევანის უფლება. და თუ საიმედოს მაინც ვერაფერს ვნახავთ, იმაზე მაინც შეიძლება დავფიქრდეთ, რომ „რენე მიდის ჰოლივუდში“ თითქოს ეძებს და გამოგლეჯს გაუდაბურებული სამყაროდან ადამიანის სულის ცალკეულ კუნძულებს, რომლებსაც ღმერთი ჯერ ისევ შენარჩუნებული აქვთ, რომლებიც ჯერ არ ჩაძირულან ცხოველურ მდგომარეობაში და მორალურ-ზნეობრივ გადარჩენას ცდილობენ… თუმცა, ესეც და რენეს ჰოლივუდში წასვლაც მხოლოდ მისი სურვილი და ფუჭი ილუზიაა.

 

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *