ნოსტალგია არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და თბილი განცდა, რამაც შეიძლება ყველა ყოფითი პრობლემა რამდენიმე ხნით გვერდზე გადაგადებინოს და ტკბილ-მწარე მოგონებებში ჩაგძიროს. წარსულში განცდილი შეგრძნებები და „კადრები“ ერთიანად ამოტივტივდება ხოლმე რეტრო სიმღერის მოსმენისას, სადღაც რომელიმე ძველი ქუჩის კუთხეში, სახლის კედლებისა თუ აივნების ხილვისას, ვისიმე ხმის ინტონაციის გაგონებისას, განსაკუთრებით კი, ნაცნობი ან ერთ დროს ძალიან ცნობილ ადამიანებთან შეხვედრისას. ეს სევდიანი და, ამავდროულად, ტკბილი ემოცია ხელახლა იწვევს ადამიანში ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას და გაძლევს სტიმულს, რომ ცხოვრებას უფრო ოპტიმისტურად შეხედო და შეძლო განვლილი დღეების ხელახალი გადაფასება. ნოსტალგიური ფილმები, სოციალური კინოსაგან განსხვავებით, ნაკლებად გვტვირთავენ სისტემური პრობლემებით გაჯერებული თემებით. ისინი მხოლოდ უცნაურ სასიამოვნო განცდებს იწვევენ ჩვენში და გრძნობ, რომ შენც მისი ნაწილი ხარ.
ზუსტად ასეთ ემოციასა და განცდებს ბადებს რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმი, „ლირიკა“ (2025), რომელსაც არ აქვს პრეტენზია იყოს კინემატოგრაფიული შედევრი ან რევოლუცია ვიზუალურ ხელოვნებაში. რეჟისორმა ფილმის პერსონაჟებით, რომლებსაც ცნობილი მსახიობები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ასრულებენ, ნოსტალგიური, თბილი, ცოცხალი და ტკივილიანი ატმოსფერო შექმნა, რამაც, შეიძლება ითქვას, მაყურებლის ემოციურ განწყობაზე აშკარად იმოქმედა.
მსახიობი მიშა მესხის (რომელსაც თითქმის ათი წელი კინოში არ უთამაშია) ეკრანზე გამოჩენა, ერთდროულად, იწვევს სიხარულს და ასევე გაოცებას იმ მხრივ, რომ მას ეკრანს მიღმა გატარებულმა წლებმა ახალი, რეალური ემოციები, ტკივილი, სიხარული და სიმწიფე შესძინა, რაც გმირის ხასიათში, ჟესტებსა და განცდებში აშკარად გამოვლინდა.
მიშა მესხის გმირი მიშა, რომელსაც წარმატებული მომავალი უნდა ჰქონოდა, ყოფილიყო ფეხბურთელი, რომელიც იტალიაში ითამაშებდა, ახლა ჩამოღვენთილი, უაზროდ დაძრწის თბილისის ქუჩებში. მან დაკარგა წარმატებული კარიერა, ცოლი და აღარაფერი დარჩენია ხელმოსაჭიდი, რაც ცხოვრების ხელახლა დაწყებას აიძულებს. იგი ტოვებს სარეაბილიტაციო ცენტრს და ქუჩებში ხეტიალისას შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე პატარა ბიჭს – საბას (საბა მესხი), ვისთან ერთადაც თითქოს ხელახლა გადის იმ ბავშვობის წლებს, რომლებიც ოდესღაც, დიდი ხნის წინ განვლო. ქუჩაში მიშას ზოგი ცნობს, როგორც ერთ დროს სახელოვან ფეხბურთელს, ზოგს კი მის ვინაობაში ეჭვი ეპარება, იმდენად არის შეცვლილი. მიშასა და საბას თბილისურ ხეტიალს მოსდევს მტკვარზე კატერით გასეირნება და ახალგაზრდა გოგონას, მარიამის გაცნობა. მიშას მარიამთან შემთხვევით დარჩენილი ტელეფონი ახალი სიყვარულისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისად იქცევა. ფილმი გვახსენებს, რომ სიყვარული არის გრძნობა, რომელსაც გზასაცდენილი ადამიანის გამოფხიზლება და სასიცოცხლო ენერგიით დამუხტვა შეუძლია, რასაც ვერანაირი გადასხმები და სარეაბილიტაციო ცენტრი ვერ ჩაანაცვლებს.
საახალწლო სასწაულის სიმბოლოდ ფილმში შემთხვევითობა იქცევა, როდესაც პირველივე კადრებში ჩნდება „გლოვოს“ კურიერი, რომელსაც შეცდომით მიაქვს სხვისი ნაძვის ხე კლინიკის მისამართზე და ნაძვის ხის ადრესატიც მიშას სეხნია აღმოჩნდება. მიშა გახარებული იტოვებს მას. ეს სხვისი, მითვისებული საჩუქარი ხდება პირველი იმედი, რომელიც კლინიკის ერთფეროვნებას არღვევს. სიცილით, ხუმრობითა და ექთნებთან ერთად ნაძვის ხის მორთვით იბადება მთავარი სათქმელი – ახალი წელი, როგორც ახალი, უკეთესი ცხოვრების დაწყების შანსი.
ფილმი იწყება ლირიკული მუსიკითა და კადრებით. ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ახალი წლის მოლოდინში პაციენტებს ერთი განსაცდელი აკავშირებთ, რეჟისორი საოცარი ტაქტითა და იუმორით გვიჩვენებს კლინიკის ყოველდღიურობას, პაციენტების ერთფეროვან ყოფას, მათ დიალოგებს, რომლებიც იხსენებენ თავიანთი ცხოვრების ამბებს და ამ მოგონებებით იფერადებენ იმ პირქუში, ჩაჟამებული კლინიკის კედლებში შექმნილ გარემოს, სადაც ერთმანეთს ერწყმის ექთნების თბილი და მეგობრული დამოკიდებულება. ფილმის პერსონაჟები ცხოვრებაში გზააბნეული, მაგრამ სიცოცხლეს მოწყურებული გმირები არიან, რომლებსაც სურთ ხელახლა დაიწყონ ჯანსაღი ცხოვრება. მათ სიცოცხლის წყურვილი არ აძლევთ მოდუნების უფლებას. რეჟისორი სიფრთხილით აშიშვლებს პერსონაჟების სუსტ მხარეებს, რამაც ისინი ამ კლინიკის კარამდე მიიყვანა. ის არ აკრიტიკებს, არ კიცხავს და არც ამართლებს მათ სისუსტეებს. მას უბრალოდ შევყავართ მათ სამყაროში ისე, რომ ეს გზასაცდენილი ადამიანები საზოგადოებისგან მოკვეთილ კეთროვნებად კი არ აღვიქვათ, არამედ ვუთანაგრძნოთ მათ ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე. ავტორი გმირებს არასდროს ტოვებს უიმედოდ. მათი მცდელობა, იპოვონ ძალა საკუთარ თავში, დაძლიონ იზოლაცია და გადადგან ნაბიჯი უკეთესი ხვალინდელი დღისკენ, იმედგადაწურული მაყურებლისთვის უდიდესი თანაგრძნობისა და იმედის მომცემ ნაპერწკლად შეიძლება იქცეს. ფილმი გვახსენებს, რომ „გზიდან აცდენა“ საბოლოო განაჩენი არ არის და ხელახლა დაბადება ყოველთვის შესაძლებელია, სანამ ადამიანს ბრძოლის ჟინი და სურვილი კლავს.
მსახიობებს უმეტესად რეალური სახელები ჰქვიათ. მიშა მესხს – მიშა, ქეთი დოლიძეს – ქეთი, გუგა კოტეტიშვილს – გუგა. ფილმში მთელი თბილისის ელიტაა თავმოყრილი: მურმან ჯინორია, დათო ევგენიძე, ძმები არველაძეები და სხვები. ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ პერსონაჟების ეს ავთენტურობაა. ფილმში რეალობისა და მხატვრული ფიქციის ზღვარი იშლება, რადგან ზოგიერთი გმირი ეკრანზე საკუთარი პროფესიით გვევლინება, ზოგს მხოლოდ სახელი აკავშირებს და ზოგსაც, ალბათ, მისი ცხოვრების შინაგანი სამყარო. კლინიკის პალატაში მურმან ჯინორია ლექსებს კითხულობს, დათო ევგენიძე პიანინოზე ჯაზურ მელოდიებს აცოცხლებს, კადრში ჩნდება ილიკო სუხიშვილიც. ეს ცნობილი სახეები ფილმს თბილისურ, ინტიმურ ატმოსფეროს სძენენ და ხაზს უსვამენ, რომ ხელოვნება და პოეზია ხშირად ყველაზე მძიმე რეალობაშიც კი გადარჩენის ერთადერთი გზაა.
ლირიკული გადახვევები მართლაც არის ფილმში, რომელიც ნოსტალგიურ განწყობას ქმნის. დათო ევგენიძის მიერ შესრულებული კომპოზიციების ფონზე მურმან ჯინორიას პოეტური ნაზავი სასიამოვნო დუეტს ქმნის. ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსი, „ველად“, რომელსაც მურმან ჯინორია კითხულობს, იმ უბრალო ცხოვრების მონატრებაა, რომელიც მათ კლინიკაში ყოფნისას წაერთვათ. მათ აღარ აინტერესებთ დიდი ამბიციები, რთული მატერიალური სამყარო. მათ მხოლოდ იმ სითბოს, სიცოცხლის მცირე, უბრალო, ფაქიზი გრძნობების, სიყვარულის – „იას“ დაბრუნება უნდათ, რაც დაკარგული იმედების გამოსაცოცხლებლად და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად სჭირდებათ.
ეს არ არის მასობრივი მაყურებლისთვის გათვლილი კინო. მისი გაგება არა იმდენად ინტელექტუალურ, არამედ პირად, ემოციურ გამოცდილებას და განწყობას მოითხოვს. რეჟისორის ჩანაფიქრი და პერსონაჟების ტკივილი განსაკუთრებით მათთვის იქნება ყველაზე ახლობელი, ვისაც თავად გამოუცდია მსგავსი გარემო ან უბრალოდ შესწევს უნარი, ირაციონალურად აღიქვას თითოეული კადრი, მიზანსცენა და მთელი არსებით ემოციურად შეიგრძნოს ესა თუ ის ეპიზოდი, ძველი თბილისის უბნებს მიშასთან ერთად დაუყვეს და იტალიური ეზოებიდან და მოფამფალებული აივნებიდან ნაცნობი ქალაქური დიალოგებით დატკბეს.
ფილმის ვიზუალური ესთეტიკა პირველივე კადრებიდანვე განსაზღვრავს მის სევდიან, ნოსტალგიურ განწყობას. რეჟისორი უარს ამბობს მკვეთრ ფერებზე და უპირატესობას ანიჭებს მონაცრისფრო, ჩამქრალ მოცისფრო და მოღუშულ ტონებს, რაც პარალელს ავლებს მთავარი გმირის შინაგან მდგომარეობასა და კლინიკაში განთავსებულ სხვა პაციენტების ყოფაზე. ფილმი უფრო მეტად განწყობის კინოა, რომლის მიზანი მაყურებელში წარსული დღეების ნოსტალგიის გაღვიძებაა, სადაც ძველი თბილისის ვიწრო ქუჩები და კოლორიტული არქიტექტურა, პირქუში ფერების მიუხედავად, განსაკუთრებულად შინაურ სითბოს ასხივებს. მასში არ იგრძნობა თანამედროვე ურბანული სტილი, გადატვირთული, ქაოტური ქუჩები (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეპიზოდი თანამედროვე თბილისის უბანშია გადაღებული), ავტომობილების ხმაური და მრავალსართულიანი, უსიცოცხლო შენობები. ჭუჭყიან მტკვარზე კატერით გასეირნებაც კი ლირიკული, რომანტიკული, მშვიდი და ლამაზია. ფილმს ნელ-ნელა, ტაატით შეჰყავხარ მთავარი გმირის შინაგან სამყაროში და თანდათანობით ხვდები, რომ მისი განცდები შენში ისე აღწევს და იმგვარ ემოციებს აღძრავს, რასაც პირველივე კადრებიდან ვერც კი წარმოიდგენდი.
ფილმის გმირების უმრავლესობა გვახსენებს იმ „დაკარგულ თაობას“, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლების მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ყოფა, ომი, უშუქობა, უგაზობა, შიმშილი, რომლის გასაქარვებლად ზოგმა ნარკოტიკებში და ზოგმაც სასმელში ჰპოვა შვება, რის შედეგადაც საბოლოოდ კლინიკის კედლებში ამოჰყვეს თავი. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც სირთულეები მეტ-ნაკლებად გადალახეს, გამოიჩინეს მეტი სიმტკიცე, გამძლეობა და თავიანთ მიზნებს ბოლომდე უერთგულეს.
კლინიკის ზოგიერთი ეპიზოდი იმდენად სუსტია, რომ ღიმილსაც კი გგვრის. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პერსონაჟებმა ტრადიციული უბნის „ბირჟა“ საავადმყოფოში გადაიტანეს და იქ აგრძელებენ არაფრისმთქმელ საუბრებს. მაყურებელიც თითქოს მათ გვერდით „ჩაცუცქული“ უსმენს ამ გზააბნეული ადამიანების მონოლოგებს, რომლებიც ხშირად ბოდვას ემსგავსება. ფილმის ტექნიკური მხარე აქ აშკარად მოისუსტებს. კლინიკის ამსახველი ზოგიერთი კადრი ზედმეტად სტატიკური და უინტერესოა, გმირების საუბარი კი მშრალ სატელევიზიო ინტერვიუს უფრო ჰგავს, ვიდრე კინემატოგრაფიულ ნარატივს. ერთ წერტილში გაყინული კამერა, ემოციური სიღრმის შექმნის ნაცვლად, ფილმის ტემპს აგდებს. პაციენტების დიალოგები ზოგჯერ იმდენად დუნე და ქაოტურია, რომ ხანდახან აზრს კარგავს, თუმცა სწორედ ეს ყოფითი, შეულამაზებელი „ბოდვა“ მატებს კინოსურათს დოკუმენტურ ავთენტურობას, ისეთს, როგორსაც უბანში მობირჟავე ბიჭებისგან ყურმოკვრით გაიგონებ.
გემოვნებით შერჩეული მუსიკა ფილმს უფრო მეტ სიღრმეს, გულწრფელობასა და სითბოს სძენს. ნოსტალგიური, ძველი ჰანგებისა და თანამედროვე მუსიკალური რიტმების სინთეზი, რომელიც პერიოდულად ფონად გასდევს კადრებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პერსონაჟების ხასიათების უკეთ გახსნაში. ეს მუსიკალური შერწყმა ერთგვარი ხიდია პერსონაჟების წარსულსა და აწმყოს შორის, რაც ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს ემოციურ სიმძაფრეს მატებს და მაყურებელს გმირების შინაგან განცდებთან კიდევ უფრო აახლოებს.
ფილმის ნამდვილი კულმინაციაა ფინალური – ავტობუსის ეპიზოდი, რომელსაც ფონად გასდევს სიმღერა, „გაზაფხულის მოსვლა მიყვარს“. ეს მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც თავისი არსით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სიყვარულს ეტრფის, ფილმში ახალი წლის მოლოდინით გამოწვეულ ემოციურ მუხტს აძლიერებს. რეჟისორი გაზაფხულსა და ახალ წელს ერთმანეთთან აიგივებს, როგორც იმედების ასრულებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების საერთო სიმბოლოს. სწორედ ამ უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა და ახალი იმედები აერთიანებთ ავტობუსში შეკრებილ „მგზავრებს“, რომლებიც, მიუხედავად მძიმე წარსულისა, მაინც სიცოცხლის განახლებას ელიან.
მუსიკალური ჯგუფის, „თამადა“ სიმღერა, „ბოლო გადასხმა“, რომელიც ფილმის დასასრულ ტიტრებს ფონად გასდევს, არ არის უბრალოდ მუსიკალური ნაწარმოები შექმნილი მხოლოდ ეფექტის მოსახდენად, რიტმების თამაშითა თუ სხვადასხვა მუსიკალური სტილის აღრევით. ეს სიმღერა ბევრს ეუბნება ფილმის გმირების შესახებ, რომლებიც მთლიანად დამუხტული არიან იმ უძლიერესი ემოციითა და სურვილით, რომელიც ადამიანს „ბოლო გადასხმის“ შემდეგ, ანუ ძველი იარების მოშუშებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების შემდეგ ეუფლება. მასში მკაფიოდ იგრძნობა ცხოვრების სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყების წყურვილი, ხელახალი ენერგიით დამუხტვა და, რაც მთავარია, ის უდიდესი იმედები, რომლებიც ამ ახალ დასაწყისს თან ახლავს ხოლმე.
რეზო გიგინეიშვილის „ლირიკა“ არის ფილმი, რომელიც პოეზიით, სიმღერითა და ნაცნობი სახეებით თბილისური ურთიერთობების, მეგობრობისა და სიყვარულის ნოსტალგიას აღძრავს და ცხოვრებაზე გამწყრალ მაყურებელს უკეთესი მომავლის რწმენით ავსებს.
ქეთევან ღონღაძე






