ხაფანგი

სიყმაწვილე ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ეს ის ასაკია, როდესაც ის პირველად ცდილობს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას და იმ სამყაროსთან დაპირისპირებას, რომელიც მანამდე მის ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს. თუმცა თავისუფლების სურვილი ყოველთვის არ ნიშნავს თავისუფლების შესაძლებლობას. ხშირად ახალგაზრდები ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც მათი მომავალი ტრადიციების, სოციალური მდგომარეობის ან ეკონომიკური პრობლემების გავლენით ყალიბდება. ასეთ დროს პირადი არჩევანი თანდათან იკარგება და ადამიანი იმ რეალობის მძევლად იქცევა, რომელიც თავად არ შეუქმნია.

გიორგი მუხაძის ფილმი, „როცა 17 წლის ხარ“ (2024) სწორედ ასეთ რეალობაზე გვიყვება. მისი მთავარი გმირი, ამო იმ ასაკშია, როდესაც საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს, თუმცა ამის შესაძლებლობა არ აქვს. ერთი მხრივ, იეზიდური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ის ჯერ კიდევ ბავშვობაშია დანიშნული, ხოლო მეორე მხრივ, სოციალური გარემო და სიღარიბე, რომელიც მას კრიმინალურ სამყაროსთან აახლოებს, მის თავისუფლებას ზღუდავს, ამიტომ ფილმი მხოლოდ ერთი მოზარდის თავგადასავალს არ ყვება. ის იმ საზოგადოებაზეცაა, სადაც ადამიანის მომავალი ხშირად, მის ნაცვლად, სხვების მიერ წყდება.

ფილმის მთავარი ძალა სწორედ ამოს პერსონაჟია. ის არ არის ტიპური მეამბოხე გმირი, რომელიც წესებს ღიად უპირისპირდება. მისი პროტესტი ჩუმი და უხილავია. ამოს სურს, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, მაგრამ გარემო ამის საშუალებას არ აძლევს. იეზიდური ტრადიცია მის ცხოვრებაში ძალადობით ან პირდაპირი იძულებით არ ვლინდება. ის ყოველდღიურობის ნაწილია, რომელსაც გარშემო მყოფები ბუნებრივ მოვლენად აღიქვამენ. სწორედ ამიტომ არის მისი გავლენა ასეთი ძლიერი. როდესაც ადამიანის მომავალი ჯერ კიდევ ბავშვობაშია განსაზღვრული, თავისუფლების სურვილი ნელ-ნელა წინააღმდეგობის ფორმას იღებს, თუმცა ამოს შემთხვევაში ეს წინააღმდეგობა ბოლომდე ვერ ყალიბდება. ის მუდმივად ორ მდგომარეობას შორის არის მოქცეული – უნდა წავიდეს, მაგრამ დარჩენა უწევს.

ამ მდგომარეობაში ბიჭი გარკვეულწილად ჰგავს ზოოპარკში გამომწყვდეულ სპილოს. მას აქვს ძალაც, სურვილიც და თავისუფლების მოთხოვნილებაც, მაგრამ ცხოვრება ვიწრო ვოლიერში უწევს. ამო ხშირად უფრო მეტს დუმილით ამბობს, ვიდრე სიტყვებით. მის სახეზე მუდმივად იგრძნობა დაძაბულობა და უკმაყოფილება, თუმცა ეს ემოციები კონკრეტულ მიმართულებას ვერ პოულობს. მაყურებელი გრძნობს, რომ პერსონაჟს ამ გარემოდან თავის დაღწევა სურს, მაგრამ არც ის იცის, სად უნდა წავიდეს და არც ის, ნამდვილად არსებობს თუ არა გამოსავალი.

ამ მდგომარეობის ფონზე ჩნდება ფილმის მეორე მნიშვნელოვანი თემა – სოციალური და ეკონომიკური რეალობა. ამოსთვის კრიმინალურ სამყაროში მოხვედრა მხოლოდ ფულის შოვნის სურვილით არ არის განპირობებული. ეს არის მცდელობა, თავი დააღწიოს ერთფეროვან და უპერსპექტივო გარემოს, რომელშიც ცხოვრობს. ფილმი კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება რისკი და კანონდარღვევა თავისუფლების ილუზიად იქცეს ახალგაზრდისთვის, რომელიც საკუთარ რეალობას ვეღარ ეგუება. თავდაპირველად ნარკოდანაშაულში ჩართვა ამოსთვის დამოუკიდებლობისა და ცვლილების შესაძლებლობას ჰგავს, მაგრამ მალე ესეც კიდევ ერთ პრობლემად და ჩაკეტილ წრედ იქცევა.

პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯესიკას პერსონაჟს. ჯესიკა ამოსთვის მხოლოდ რომანტიკული ინტერესის ობიექტი არ არის. ის იმ სამყაროს წარმოადგენს, რომლისკენაც ამო მიისწრაფვის. ჯესიკასთან ურთიერთობა მას აძლევს განცდას, რომ საკუთარი ცხოვრების შეცვლა ჯერ კიდევ შეუძლია. სწორედ ამიტომ აგრძელებს ის სახიფათო საქმიანობას მაშინაც კი, როდესაც რისკები აშკარა ხდება. დროთა განმავლობაში ფული მისთვის აღარ არის მთავარი მოტივაცია. უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჯესიკასთან კავშირის შენარჩუნება, რადგან ამ ურთიერთობაში ის იმ თავისუფლებას ხედავს, რომელიც საკუთარ ცხოვრებაში აკლია.

საბოლოო დარტყმაც სწორედ კრიმინალური გარემოდან მოდის. გურო, რომელიც მისთვის ამ სამყაროში ერთგვარ საყრდენს წარმოადგენდა, ყველას გასცემს და ციხიდან სწორედ ამის ხარჯზე გამოდის. ამ მომენტში იშლება ის ილუზიაც, რომ ასეთ გარემოში მეგობრობა, ერთგულება ან ურთიერთნდობა არსებობს. ამო ხვდება, რომ იმ სამყაროშიც კი, სადაც გამოსავალს ეძებდა, სინამდვილეში მხოლოდ გამოყენებული ადამიანი იყო. ეს აღმოჩენა მის მარტოობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

აქედან იწყება პერსონაჟის ყველაზე მძიმე ცვლილება. ამო თანდათან ისე ეფლობა ამ ცხოვრებაში, რომ თავადაც იმ წრის ნაწილი ხდება, რომლისგანაც თავის დაღწევას ცდილობდა. ნარკოტიკებთან კავშირი მისთვის აღარ არის მხოლოდ ფულის შოვნის საშუალება. ის ნელ-ნელა ანგრევს საკუთარ მომავალსაც. ქრება პერსპექტივა, იკარგება მიზანი და სულ უფრო რთული ხდება უკან დაბრუნება. ქრება პროტესტიც, რომელიც ფილმის დასაწყისში ჯერ კიდევ იგრძნობოდა. მის ადგილს იკავებს გულგრილობა და დაღლილობა. შესაძლოა, ამო ჯერ კიდევ ეძებს გამოსავალს, მაგრამ რეალობა უკვე იმდენად მჭიდროდ არის შემოკრული მის გარშემო, რომ ნებისმიერი მცდელობა დაგვიანებულად და უშედეგოდ გამოიყურება.

ფილმის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტი ვიზუალური გარემოა. თბილისის გარეუბნები ნაცრისფერ, ერთფეროვან და ჩაკეტილ სივრცედ არის ნაჩვენები. ვიწრო ქუჩები და ერთნაირი ყოველდღიურობა ქმნის განცდას, რომ პერსონაჟები ერთსა და იმავე წრეზე მოძრაობენ. ქალაქი აქ მხოლოდ ფონი არ არის. ის ამოს მდგომარეობას ირეკლავს და კიდევ უფრო ამძაფრებს იმ განცდას, რომ მთავარი გმირი ჩიხშია მოქცეული. ამოს შინაგანი მდგომარეობა ყველაზე კარგად მის ქცევებსა და რეაქციებში იკითხება. მსახიობი პერსონაჟის ემოციებს ზედმეტი სიტყვების გარეშე გადმოსცემს, რაც ამოს უფრო ბუნებრივსა და დამაჯერებელს ხდის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მონაკვეთში ფილმის ტემპი ნელდება. ცალკეული ეპიზოდები ერთმანეთს ემსგავსება, რის გამოც სიუჟეტი ადგილ-ადგილ კარგავს დინამიკას.

ფილმის მთავარი სისუსტეც აქ იჩენს თავს. იეზიდური ტრადიციის ხაზიც და ნარკოდანაშაულის თემაც საინტერესოა, თუმცა სიუჟეტი ორივეს საკმარის დროს ვერ უთმობს. შედეგად, ზოგიერთი მნიშვნელოვანი კონფლიქტი მხოლოდ მონიშნული რჩება და ბოლომდე არ ვითარდება. ამიტომ ფილმის დასრულების შემდეგ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ვიდრე პასუხი.

ფინალი არ გვთავაზობს მკაფიო პასუხებს. რეჟისორი შეგნებულად ტოვებს პერსონაჟს გაურკვევლობის მდგომარეობაში. ეს მხოლოდ სიუჟეტური ხერხი არ არის, ის ამოს ცხოვრების ბუნებრივი გაგრძელებაა. ფილმი გვიჩვენებს ახალგაზრდას, რომელმაც ვერ მოახერხა იმ ძალებთან გამკლავება, რომლებიც მის გარშემო არსებობდა, თუმცა არც ბოლომდე შეურიგდა მათ. ამიტომ ფინალი უფრო სევდიან და მელანქოლიურ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ტრაგიკულს.

„როცა 17 წლის ხარ“ გვიყვება ახალგაზრდაზე, რომელიც მუდმივად ცდილობს მისთვის დაწესებული საზღვრებიდან გაქცევას, მაგრამ ყოველ მცდელობას ის ახალი ჩიხისკენ მიჰყავს. ამოს ტრაგედია მხოლოდ ნარკოდანაშაულში ან ტრადიციებთან დაპირისპირებაში არ არის. თავისუფლებისკენ მიმავალი ყველა გზა საბოლოოდ ახალ დაბრკოლებად იქცევა. ამიტომ ფილმის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ ამოს სახე გვამახსოვრდება – ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ზოოპარკში გამომწყვდეული სპილოს მსგავსად გრძნობს, რომ გალია ვიწროა, მაგრამ მაინც ვერ პოულობს გზას, რომ მისგან გათავისუფლდეს.

ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *