შენგან გაზრდილმან ვისწავლე შენივე მსგავსი სიკეთე

მისტიკური გარემო კოცონთან, ტყეში… ასაკოვანი ქალი თვალდახუჭული კითხულობს „ვეფხისტყაოსანს“. მას მსმენელიც ერთი ჰყავს – ისიც ქალი, ახალგაზრდა, საოცარი გარეგნობის, თავდაბურული. თითქოს უდროობაში  გარინდებულები მინდობიან სიტყვების მაგიას… ეს ნებისმიერი ეპოქა შეიძლება იყოს – რუსთაველის ხანიდან დაწყებული დღემდე.

ამგვარი სცენით იწყება ერეკლე ინაშვილის დოკუმენტური ფილმი „რუსთაველის ქვეყანა“ (2023). ქალი, რომელიც ფილმში „ვეფხიტყაოსანს“ კითხულობს, ამ პოემის ზეპირად მცოდნეა, გერმანულის მასწავლებელი იმერეთის სოფელ ორპირის სკოლიდან, 75 წლის ანრო ცირეკიძე, ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც ახალგაზრდობიდანვე შეიყვარა პოემა და ზეპირად შეუძლია წაიკითხოს რუსთაველისეული სრული 1669 სტროფი.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც მას უსმენს, ემინე შაჰინგოზია, თურქული წარმოშობის გერმანელი ლინგვისტი კავკასიური ფესვებით. ის ფრანკფურტიდან ჩამოსულა, რათა გაიცნოს საქართველო – ქვეყანა, სადაც დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“. კინოსურათი აკვირდება მის მოგზაურობას და პარალელურად სვამს მთავარ კითხვას: როგორ ან რამდენად ცოცხლობს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ თანამედროვე ქართულ რეალობაში?

ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. სცენარის ავტორები არიან მამა-შვილი, ზურაბ და ერეკლე ინაშვილები. ეს კინოსურათი ცნობილი ქართველი დოკუმენტალისტის, ზურაბ ინაშვილის ბოლო პროექტია (იგი 2021 წელს გარდაიცვალა), ხოლო ერეკლე ინაშვილისთვის, რომელიც მანამდე გერმანიაში მუშაობდა, როგორც წარმატებული დიზაინერი და არტ დირექტორი – სადებიუტო ნამუშევარი. ამიტომაც აქვს ამ ფილმს მისი რეჟისორისთვის განსაკუთრებული, პირადი დატვირთვა.

ეს ემოციური დამოკიდებულება მთელი 68 წუთის განმავლობაში იგრძნობა. ემოციურად უდგებიან გერმანელ ლინგვისტთან საუბარს ქართველი მასპინძლებიც. ემინეს ტელეფონში აქვს ჩაწერილი რუსთაველის აფორიზმები: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“ და ა.შ.  და ყოველ ჯერზე იგი ირჩევს რომელიმე აფორიზმს და შემდეგ ეძებს თანამედროვე საქართველოში მის დასტურს.

მართლაც, რა დარჩა თითქმის 900 წლის მერე რუსთაველისეული სამყაროდან, ღირებულებებიდან, ფასეულობებიდან მის ქვეყანაში? დღეს ეს ისევ ის ხალხია?  ამას იკვლევს ემინე და დადის ერთმანეთისგან განსხვავებულ გარემოში, ხვდება განსხვავებულ ადამიანებს. ფილმი არის ქართველებისა და საქართველოს კვლევა გარედან, უცხოელის თვალთახედვიდან, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, გვერდიდან შეხედოს საკუთარ ტრადიციებსა და ღირებულებებს. ემინეს ქართველი რესპოდენტები სიამოვნებით თანხმდებიან საუბარზე, მათ ხომ ისედაც სჩვევიათ უცხოელებისთვის თავის მოწონება, განსაკუთრებული პატივისცემა და ყურადღება,  უყვართ, როდესაც სხვები ინტერესდებიან საქართველოთი, ქართული კულტურით და აღელვებთ – რას ფიქრობენ უცხოელები მათზე. ემინეს დიდი ენთუზიაზმით ესაუბრებიან ქუჩაში თუ ავტობუსში, თბილისში, თელავსა თუ ქუთაისში, სკოლაში,  ბაზარში, ღამის კლუბში, იმერეთსა თუ პანკისის ხეობაში, მთასა თუ ბარში. ისინი სხვადასხვა ტიპის, გემოვნების ხალხია, რომლებიც  ციტირებენ „ვეფხისტყაოსანს“, არჩევენ მას, მსჯელობენ – შეიძლება თუ არა „ვეფხისტყაოსნის“  გათანამედროვება, არის თუ არა ის ხელშეუხებელი… და თუმცა მთელი ფილმის განმავლობაში პოემაზე ლაპარაკობენ, ფილმი არა მასზე, არამედ იმ ქვეყანაზეა, სადაც ეს პოემა დაიწერა, რასაც შესანიშნავად შერჩეული სათაურიც ადასტურებს.

ემინე შაჰინგოზი არ არის უბრალოდ ფილმის წამყვანი ან მთხრობელი, იგი ნამდვილი მთავარი გმირია. ეს მისი თვალით ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას. იგი  იცნობს პოემას და არ იცნობს საქართველოს. ამიტომაც დაყვება შალვა სოყურაშვილის და კახა მშვიდობაძის კამერა ასე ახლოს ემინეს. ვხედავთ მის საოცარ, აღმოსავლურ სილამაზეს, თავდაჭერილობას, კეთილგანწყობას, გონიერებას და ვხვდებით, რომ თავადაც  „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟს ჰგავს.

როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმის იდეა ზურაბ ინაშვილს ეკუთვნოდა. მას გადაღებული აქვს შესანიშნავი დოკუმენტური ფილმები, სადაც  ავტორი იკვლევდა და გვაცნობდა საზოგადოების დიდ ჯგუფებს: თანამედროვე ახალგაზრდებს, კაცებს, რომლებიც სამუშაოდ თურქეთში გადადიან, ქალებს, საქართველოში მცხოვრებ გერმანელებს… და ამას აკეთებდა დიდი სიყვარულით. ეს დამოკიდებულება იგრძნობა „რუსთაველის ქვეყანაში“ – კადრის შიგნითაც და კადრის გარეთაც. „ვეფხისტყაოსნის“ ხსენებაზე „ინთებიან“ არა მხოლოდ ეთნიკური ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანები. ასეთი საუკეთესო ეპიზოდია ემინეს სტუმრობა პანკისის ხეობაში, სადაც ის სკოლის ეზოში უფროსკლასელ გოგონებს ესაუბრება თემაზე „ლეკვი ლომისა სწორია“. გოგონები მუსლიმები არიან, ისევე, როგორც ემინე, ისინი არ არიან ქართველები, მაგრამ არიან საქართველოს ნამდვილი მოქალაქეები. მაყურებელი ხედავს, როგორი ახლობელი და მშობლიურია მათთვის „ვეფხისტყაოსანი“, როგორ თავისუფლად მსჯელობენ ამ პოემაზე, სიყვარულზე, ქალის როლზე… ზოგადად, ფილმს მულტიეთნიკური ფონი აქვს (ისევე, როგორც პოემას).  აქ საუბრობენ სხვადასხვა ენაზე (ქართულად, ინგლისურად, გერმანულად); სხვადასხვა ენაზე კითხულობენ „ვეფხისტყაოსანს“ (ქართულად, გერმანულად, ოსურად); ქუთაისში სამუშაოდ ჩასული გერმანელი ახალგაზრდები მსჯელობენ თემაზე „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ და ფიქრობენ, რომ ეს პოემა ქართველების ყოველდღიურობის ნაწილია. დოკუმენტური ფილმი ცდილობს დაინახოს, თუ რამდენადაა ინტეგრირებული ეს უმნიშვნელოვანესი პოემა და მისი იდეალები (მეგობრობა, სიყვარული, თავისუფლება, თანასწორობა) დღევანდელი ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებაში, აზროვნებასა და იდენტობაში.

რამდენად ევროპელები ვართ, შემწყნარებლები ვართ, რამდენად ვგავართ 900 წლის წინანდელ ქართველებს დღეს, ინტერნეტის, სოციალური ქსელების, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში? ვართ თუ არა რუსთაველისეული იდეების მქონე წინაპრების შთამომავლები? – ამ კითხვებს სვამს ფილმი.

იმის მიუხედავად, რომ კინოსურათი შინაარსობრივად დატვირთულია, მას შესაბამისი მხატვრული ფორმა აქვს – ფილმი-მოგზაურობა – და ყოველგვარი აჩქარების გარეშე, დინჯად, მშვიდად ვითარდება. მისი ტემპო-რიტმი  მაყურებელს აძლევს საშუალებას, რომ თითოეული ეპიზოდის განწყობა და გარემო სრულად შეიგრძნოს. ეს მოზაიკური ფილმია, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული ნაწილებისგან შედგება, მაგრამ საბოლოოდ ერთ დიდ სურათად იკვრება. მას ყველაზე მეტად ჰგავს 300 სხვადასხვა ადამიანის მიერ ხელით გადაწერილი და გაერთიანებული რუსთაველისეული სტროფები, რომელზეც ფილმშიც არის საუბარი.

ყველგან იკვლია ემინემ რუსთაველის ქვეყანა: თელავის გერმანულ სკოლაში, ღამის კლუბში, გრაფიტით მოხატულ  „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებიან მიწისქვეშა გადასასვლელში, ქუთაისის ღია კაფეში, სადაც უცხოელები ეუბნებიან, რომ საქართველოს ყველა ქალაქშია რუსთაველის ქუჩა, ემინეს კი არაფერი უკითხავს ქვეყნის მთავარ  გამზირზე – რუსთაველის გამზირზე. რუსთაველი კი ის ადგილია, სადაც, საბოლოოდ, ყველა გზა, იდეა, ღირებულება, მეხსიერება, ისტორია იყრის თავს. რუსთაველის ქვეყანაში ყველაფერი რუსთაველზე წყდება.

ეს ფილმი ერთდროულად არის კულტურული კვლევაც, ლიტერატურული ძიებაც და შვილის მიერ მამის ხსოვნისადმი პატივისცემაც.

ქეთევან პატარაია

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *