წადი, საითაც თვალები წაგიყვანს…

ყველაფერს ამქვეყნად, როგორც ჯოხს, ორი ბოლო აქვს: ადამიანის სიცოცხლეც ამ ორ უხილავ წერტილს – დასაწყისსა და დასასრულს შორის მოქცეული გზაა. გზა, რომელსაც ადამიანი ირჩევს და გადამწყვეტი ხდება. ამ მარადიულობას ისიც მოწმობს, რომ ხელოვანები კვლავ და კვლავ უბრუნდებიან ამ ამოუწურავ თემას – ცდილობენ იგი ახლებურად გააზრებული დაგვანახონ და ხელახლა დაგვაფიქრონ.

ნინო ბასილიას ფილმებს ყოველთვის დიდი ინტერესით ველი თვითმყოფადობისა და მოულოდნელი ხასიათის გამო (რეცენზიებიც დავწერე მის ფილმებზე „ანას ცხოვრება“ და „პერსონა N2“). ამას საფუძველი აქვს. ნინო ბასილია არამარტო კინორეჟისორია, არამედ მწერალი, დრამატურგი, თეატრის რეჟისორი, რამდენიმე სატელევიზიო პროექტის ავტორიცაა, დაინტერესებულია აღმოსავლურ-დასავლური ფილოსოფიით, ასევე ბუდისტური ტექსტებით, მოიარა ინდოეთი და ნეპალი, რაც მისთვის ფსიქოლოგიურ მოგზაურობასთან ასოცირდებოდა. ამის შემდგომ გაუჩნდა სურვილი კი არა, აუცილებლობა, კინოს საშუალებით ესაუბრა სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებულ განცდებზე, ფიქრებსა და ემოციებზე, რის შედეგადაც შეიქმნა მხატვრული ფილმი „ფაზა“ (2026).

ამისთვის ავტორმა აირჩია ახალგაზრდა მამაკაცის, ალექსანდრეს (სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე) თავგადასავალი. უზარმაზარ სამყაროში ყველასგან მიტოვებულ გმირს შიში შეიპყრობს: „არსებობის ეშინია, არ გააკეთოს რამე – ეშინია, გააკეთოს – ამისიც ეშინია“. ამ სირთულის დასაძლევად მან ის ფაზა უნდა გაიაროს, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ცხოვრების თავიდან დაწყება. ავტორიც სწორედ ამგვარ „მოგზაურობას“ გვთავაზობს პერსონაჟთან ერთად.

ალექსანდრე ქალაქიდან მოშორებით, ცარიელ სასტუმროში ასკეტურად ცხოვრობს. მას ბავშვობისდროინდელი ტრავმები აწუხებს და, მრავალ იმედგაცრუებასთან ერთად, ცხოვრების საზრისიც დაკარგული აქვს. რის გამოც, დრო და დრო, თვითმკვლელობაზეც ფიქრობს.

ერთხელაც ალექსანდრეს კარზე დაუკაკუნებს ახალგაზრდა გოგონა, ლილა (თეო კიკნაველიძე), რომელიც ცდილობს, დაარწმუნოს, რომ იგი მისი მატერიალიზებული ქალური საწყისია, „ინი“, ხოლო ალექსანდრე – „იანი“. აღმოსავლური მოძღვრებით ინი და იანი სამყაროს ორი საპირისპირო, ქალური და მამაკაცური ენერგიის ჰარმონიული ერთიანობაა. ლილა ჰპირდება, დაკარგული სიხარულისა და ცხოვრებისეული მისიის პოვნაში, თუკი ალექსანდრე მას გაცნობიერებულ სიზმარში სამოგზაუროდ გაყვება.

ფილმის გმირი ამ შეთავაზებას თანხმდება, რადგან ხვდება, რომ იგი მატერიალური ცხოვრების სფეროშია დაბანაკებული და აქედან გასვლის დრო მოვიდა. ამაში კი მისივე ალტერ-ეგო ეხმარება, რომელიც ქალად არის წარმოდგენილი და მას ასტრალური თავგადასავლით საკუთარი თავის შეცნობასა და წარსული ტკივილების დავიწყებას სთავაზობს.

ქალის სახელი „ლილა“ მრავალწახნაგოვანი სიმბოლოა და ძველ ინდურ ტრადიციებში ილუზიას, ღვთაებრივ თამაშს ნიშნავს. ამით მიგვანიშნებს, რომ იგი ალექსანდრეს გზამკვლევი ხდება და შეაცნობინებს, თუ როგორ შეიძლება აუწყოს ფეხი ამ კოსმოსურ ცეკვაში ღვთაებრივ კანონზომიერებას. ალექსანდრე ხვდება, რომ სიცოცხლე სიკვდილისკენ მიმავალი გაცნობიერებული გზაა, რომელსაც მომზადებული უნდა შეხვდეს. რის შემდეგაც მასში სამყაროს მოწყობის ახლებური ხედვა, შემეცნების სურვილი და ახალი თეორიებისადმი ინტერესი იღვიძებს.

ალექსანდრე თვლის, რომ დასაკარგიც აღარაფერი დარჩენია, ლილას წინადადებას თანხმდება. ამ მეტაფიზიკურ მოგზაურობაში ის გარდაცვლილი ბებიის სულს (დარეჯან ხარშილაძე) შეხვდება, რომელიც გმირისთვის ეგზისტენციალურ დიალოგად იქცევა. ბებიის ხატი პასუხს გასცემს მის ყველაზე მტანჯველ შეკითხვებს: სად არის ღმერთი, რა იმალება სიკვდილის მიღმა, რას ნიშნავს სულის უკვდავება და ვინ არის იგი თავად. ბებია ეხმარება მას, გააცნობიეროს საკუთარი ადგილი ამ ჩაკეტილ წრეში – „წყალქვეშა ნავში“, საიდანაც გაქცევა შეუძლებელია და სადაც ერთადერთი ხსნა საკუთარ თავთან შეხვედრაშია.

თვითშემეცნების გზაზე გმირს მიეცემა შესაძლებლობა, დაბრუნდეს ბავშვობაში. იგი ხელიდან არ უშვებს შანსს, ჩავიდეს მეხსიერების ყველაზე დაფარულ შრეებში და პირისპირ შეხვდეს იმ ტრავმებს, რომლებმაც მისი აწმყო განსაზღვრა. ამ მისტიკური და ემოციური რეკონსტრუქციის შედეგად იგი გარდამტეხ გადაწყვეტილებამდე მიდის – იწყებს წარსულის გააზრებას და საკუთარი თავის მიტევებას.

ნინო ბასილიამ, სანამ ამ ფილმს გადაიღებდა, ჯერ დაწერა სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მიხედვით. და სწორედ ეს გახდა ამ სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ფაზის“ შექმნის ინსპირაცია. ეს კავშირი შემთხვევითი არ არის. „განდეგილის“ მსგავსად, „ფაზაშიც“ ცენტრალური თემა სულიერი განსაწმენდელი და შინაგანი გამოღვიძებაა. პირველში, ქალური საწყისის შეჭრა ბერის ჩაკეტილ სამყაროში მის გარდატეხას იწვევს. „ფაზაშიც“ სწორედ ლილას (ქალური ენერგიის) გამოჩენა ხდება ალექსანდრესთვის ბიძგი, რომ გამოვიდეს შიშების სენაკიდან და თვალი გაუსწოროს საკუთარ ნამდვილ არჩევანს. ორივეგან ქალური ფიგურა არის კატალიზატორი – გარდამტეხი ძალა, რომელსაც გმირი გამოჰყავს ჩვეული მდგომარეობიდან და აიძულებს, თვალი გაუსწოროს თავის ჭეშმარიტ ბუნებას.

ალექსანდრეს იზოლირებულ ყოველდღიურობაში, ლილასთან ერთად, კიდევ ერთი საინტერესო სახე ჩნდება – მისი ტრანსცენდენტული ძიძა სახელად ანდროიდა (თათული დოლიძე). იგი უხილავი აჩრდილივითაა, მუდმივად გმირის სიახლოვეს ტრიალებს და მის რთულ ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას თვალყურს ადევნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმი გაჯერებულია სიმბოლოებით. ერთ-ერთი ასეთი ცენტრალური სახე საიდუმლო კარია, რომელსაც ალექსანდრე ლილას დახმარებით შეაღებს და სამყაროს კოსმიურ ბიბლიოთეკაში ხვდება. ეს არის აკაშა – ეზოთერიკაში ცნობილი ენერგეტიკულ-ვიბრაციული სივრცე, სადაც სამყაროსა და ადამიანთა ბედისწერის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია ინახება და სადაც ნებისმიერ კითხვას აქვა პასუხი. „აქ შენი სულის ისტორიაა“ – ეუბნებიან მას.

აკაშას, ამ ამოუწურავი ცოდნის ველის, წყალობით ალექსანდრე აცნობიერებს, რომ მან საკუთარი გზა უნდა გაიაროს, გზა, რომლის ბოლოსაც სულიერ სიმშვიდეს და ჭეშმარიტ დანიშნულებას მიაგნებს. თავისი მეტაფიზიკური შინაარსით „გზა“ ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. იგი, თითქოს, კვანტური მექანიზმივით ამოძრავდება, რომ სიზმრებსა და შიშებში ჩაკარგული ალექსანდრე საბაზო, ნამდვილ რეალობაში დააბრუნოს.

რეჟისორთან ერთ-ერთ ინტერვიუში გაჟღერდა კითხვა: რამდენად მზადაა მაყურებელი ასეთი ღრმა და კომპლექსური ნამუშევრის მისაღებად. ვფიქრობ, ხელოვნების თაყვანისმცემლებისთვის ფიქრი და ანალიზი მუდმივად თანამდევია. ნინო ბასილია ასე პასუხობს ამ შეკითხვას: ფილმი ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც ღრმად ასახავს პერსონაჟების სულიერ სამყაროს და იძლევა თავისუფალი აზროვნების განზომილებაში გადასვლის საშუალებას, სადაც ფიქრი და განსჯა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გმირის მომავალ ბედს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეჟისორი მაყურებელს უბრალო დამკვირვებლად კი არ ტოვებს, არამედ იწვევს სივრცეში, სადაც ფილმი პასიური ყურებისთვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ მაყურებელმაც უნდა იმსჯელოს გმირის ნაბიჯებზე, თითქოს თავად იყოს მონაწილე იმ არჩევანში, რომელიც ალექსანდრეს მომავალს წყვეტს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფილმის თამამი, ვიზუალური ენა და გრაფიკული მიდგომები. ავტორი ოსტატურად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის შედეგია და რასაც იგი შემოქმედებითად ხშირად იყენებს თავის ნამუშევრებში.

იმის მიუხედავად, რომ ავტორი ფილმს ფსიქოლოგიურ დრამად განსაზღვრავს, თავისი ღრმა სიმბოლიზმითა და ალეგორიულობით მას იგავის ფორმაც აქვს. სურათის ვიზუალური ენა ფანტაზიის არეალს აფართოებს, ხოლო დიალოგები და ტექსტი ყურადღების მოდუნების საშუალებას არ იძლევა. ამ ყველაფრის სინთეზს ინგმარ ბერგმანის ერთი ცნობილი ციტატა მინდა მივუსადაგო, სადაც იგი კინოს პირდაპირ მუსიკას ადარებს: „ცხოვრებაში ყველაფერი რიტმს ეფუძნება, და როცა ვქმნით ხელოვნებას, უნდა ვგრძნობდეთ იმ ნაწარმოების შინაგან რიტმს, რომელზეც ვმუშაობთ. ამასთანავე, საჭიროა ზუსტი ცოდნა იმისა, თუ რა უნდა ვიფიქროთ და ვიგრძნოთ – იქნება ეს ქმედება, მელოდია, ტონალობა თუ თავად რიტმი!“

აქვე გასახსენებელია კიდევ ერთი დიდი კინორეჟისორი, ანდრეი ტარკოვსკი და მისი ფილმი „სტალკერი“, რომელშიც გამცილებელს, მთავარ პერსონაჟს „განსაწმენდელში“ მიჰყავს ადამიანები, იმ ადგილას, სადაც მათი გადაწყვეტილება და ჭეშმარიტი არჩევანი წყდება. „ფაზაშიც“ მთავარი გმირი ასეთ შინაგან ზონაში ხვდება, სადაც მან საკუთარი არსის განსამზღვრელი არჩევანი უნდა გააკეთოს.

ფილმში შემოყვანილი მნიშვნელოვანი ფიგურების სახით ავტორი გვახსენებს, რომ ყოფიერებას დამამძიმებელი სერიოზულობით არ უნდა მივუდგეთ; რომ ტკივილი, სიხარული, წარმატება და მარცხიც თამაშის ნაწილია და მათ მიმართ შინაგანი სიმსუბუქე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან გაცნობიერებულად თუ ინსტიქტურად, ადამიანის ცხოვრებაში დადგება გამოღვიძების, ანუ საკუთარი მრწამსის პოვნის ფაზა.

ზოგადად, კინოში ბებიის სახე შემთხვევით არ არის. იგი ხშირად უკავშირდება უპირობო სიყვარულს და მორალურ კომპასს. მისი დახმარებით გმირი უნდა დაუბრუნდეს იმ უბრალო, მაგრამ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს, რომელიც ყოველდღიური ქაოსის, შეცდომების თუ საზოგადოებრივი წნეხის გამო დავიწყებული ჰქონდა. ამიტომ არის, რომ ამ ფილმის ბოლოს, სწორედ, ბებიის დარიგებისამებრ პერსონაჟი გამოუცნობი ახალი ცხოვრებისკენ გაემართება, იქით, საითაც მას თვალები წაიყვანს.

ნანა თუთბერიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *