გზა ჭეშმარიტებისაკენ

ყოველი ჩვენთაგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება დიდი უსამართლობის მსხვერპლი, რომელიც ნებისმიერი ბიძგით შეიძლება იყოს განპირობებული და სწორედ ამ დროს გავდივართ ბეწვის ხიდზე, რომელსაც ან გადავლახავთ ან ვერ გადავლახავთ. ადამიანის ზნეობა და ჰუმანურობა სწორედ ამ უსამართლობასთან გამკლავებაში იკვეთება – შენ ან გადარჩები, ან არა, ან დაგიპყრობს რევანშის წყურვილი ან, ისევ და ისევ, ვერა.

რასაკვირველია, ძალიან ძნელია მსგავს საკაცობრიო სირთულეებს გაუმკლავდე და თანაც ძნელია შეინარჩუნო საკუთარი თავი, როდესაც ვიღაც უსაფუძვლოდ შენს პატივმოყვარეობას ეხება და ვინაიდან ირაციონალურსა და რაციონალურს შორს თანხვედრას იმ მომენტში ადამიანი დიდი ალბათობით ვერ პოულობს, ხშირად სამყარო მას ‘’მფარველ ანგელოზს’’ უგზავნის, რომელიც ხან ნაცნობი ადამიანის, ხან კი უცნობის სახით ევლინება. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი ადამიანის მტერია და რა თქმა უნდა, ყველგან „ჰეფი ენდი“ ვერ იარსებებს, თუმცა ისინიც ხდება და ამის დანახვა მნიშვნელოვანია.

ირაკლი ბელქანიას სტუდენტური ფილმი „თევზი“ (2023) მოგვითხრობს რიგითი სტუდენტის, გაბოს ცხოვრებისეულ მონაკვეთს, რომელშიც ის ზემოთხსენებულ, მსგავს გასაჭირში იმყოფება. ფილმი არამხოლოდ ბიჭსა და მის გარემოცვას გვაცნობს, არამედ ირიბ კონტექსტად ცდილობს ახალგაზრდების სოციალური მდგომარეობის ჩვენებას და, შესაბამისად, მთავარ პერსონაჟს ამ ყველაფრის განსახიერებად ხდის.

გაბო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტია და პარალელურად მუშაობა უწევს რიგითი ობიექტის მონიტორინგში, სადაც, გადაღლილობის გამო, ჩაეძინება ხოლმე და სწორედ მსგავსი მომენტით იწყება ფილმი. კაბინეტში შემოდის გროტესკული ტიპის მამაკაცი, რომელიც გაბოს უფროსი აღმოჩნდება. ის ყველანაირად ატერორებს უმცროს თანამშრომელს და შეურაცხყოფას აყენებს, რის შედეგადაც გაბო მას ახლად მოდუღებულ ყავას შეასხამს და გაიქცევა.

ამგვარად აღმოჩნდება ის უმუშევარი და თანაც დიდი საფრთხის წინაშე ისე, რომ თავადაც ვერ იაზრებს ამას. ფილმის რამდენიმე მონაკვეთში ჩანს უწყლოდ დარჩენილი თევზი, რომლის სიმბოლიკაც გაბოსთანაა პირდაპირ დაკავშირებული. გაბო უდავოდ ცდილობს სამყაროში გადარჩენას და დინებას მიყოლას, თუმცა სოციალური სტატუსი არ აძლევს ერთ კალაპოტში დარჩენის უფლებას. ამას გვიმტკიცებს ის ფაქტიც, რომ ბიჭი მისთვის ახალ, მაგრამ სრულიად დაბეჩავებულ ბინაში გადადის საცხოვრებლად, რაც მიგვინიშნებს იმაზე, რომ ქალაქში საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია, ხოლო ეს კიდევ უფრო ამძიმებს მის სიტუაციას. ერთი სიტყვით, გაბო სწორედ ის პერსონაჟია, რომლიც ემპათიის შეგრძნებას იწვევს მაყურებელში.

ერთ საღამოს მის კარზე კაკუნი გაისმის. გაბო კარს აღებს. კართან კაპიშონიანი და ხელჯოხიანი კაცი დგას. უეცრად გაბო იატაკზე ვარდება, უკვე ხოხავს და ირგვლივ სულ სისხლია. ეს უცნობი კაცი მისი ყოფილი უფროსია, რომელმაც ბიჭისგან შეურაცხყოფა ვერ აიტანა და გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა მისთვის, სასტიკად სცემა, ათასი შეუარცხყოფა მიაყენა და წავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ბიჭში გამოწვეული გარდატეხა ფილმში არ ჩანს, ცხადია სამაგიეროს გადახდის სურვილით დაბრმავებული გაბო რადიკალურ გადაწყვეტილებამდე მიდის – საქმე ასე არ უნდა დატოვოს. ის ბრუნდება მშობლიურ სახლში, სადაც ავადმყოფი, ლოგინად ჩავარდნილია ბაბუა ხვდება. გაბო გამწარებული ეძებს რაღაცას სახლის ყველა უჯრაში და როდესაც იპოვის, გაცეცხებულ ბიჭს და მის ხელში არსებულ იარაღს საბედნიეროდ შეამჩნევს ბაბუა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის შვილიშვილის ხასიათი. ის თხოვს, რომ იარაღი დატოვოს. გაბოს გაორება ემართება, ორ უკიდურესობაში იმყოფება, თუმცა თავადაც კარგად იცის, რომ არ არის ის ადამიანი, რომელიც მსგავს სავალალო ნაბიჯს გადადგამს. მის ნატურაში არ ზის მკვლელობა და ძალადობა, რადგან პატიოსანი გულის პატრონია და ძალიანაც რომ ეცადოს იცის,  რომ სასხლეტს თითს ვერასდროს გამოკრავს.

უეცრად გაბო ჯდება სკამზე, ბაბუას პირისპირ და სიტუაცია რადიკალურად იცვლება. მაგიდაზე თევზი დევს, ტელევიზორში ფილმი, „კაბირიას ღაბეებია“ ჩართული, გაბო კი იარაღს ინახავს. ხვალ ის წავა და შეყვარებულ გოგონას შესარიგებელ ყვავილებს უყიდის, მისი გონებიდან კი სამუდამოდ ქრება მკვლელობის წყურვილი, რადგან სხვაგვარად დაიღუპება. ფილმი ამით სრულდება.

ქარ-ცეცხლს შორის მყოფი ადამიანები ხშირად ვერ პოულობენ ხელმოსაჭიდ ძალას შეცდომის დაშვებამდე, სინამდვილეში კი, იმედი არის ყველგან და ყოველთვის. ძალადობა გამოსავალი არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება. ძალადობა შობს ძალადობას და ეს პრინციპი ყოველთვის ასე მუშაობს. ამას გვიჩვენებს კინოც და არა მხოლოდ კინო, არამედ ხელოვნების სხვა სფეროებიც.

მიუხედავად იმისა, რომ გაბოს პერსონაჟი პირდაპირი განსახიერება ვერ არის იმ სოციალური მდგომარეობისა, რომელშიც ხშირად ახალგაზრდები იმყოფებიან და  რისი ჩვენებაც უნდოდა რეჟისორს, ის მაინც კარგად აღწერილი არქეტიპია. ამგვარად, მსახიობიცა და პერსონაჟიც ფილმის ამოცანას ასრულებენ და მაყურებელს სათქმელი გასაგებად მიეწოდება.

ეს ფილმი ამ რეჟისორის პირველი მხატვრული ნამუშევარია და რასაკვირველია, ისევე როგორც სტუდენტური ფილმების უმეტესობა, ესეც არ გამოირჩევა მძლავრი ტექნიკური თვალსაზრისით, რაც შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, თუმცა გასაგებია, რომ ეს ყოველივე მოტივაციისა და პროგრესის ნიშანი უნდა იყოს რეჟისორისთვის და, ალბათ, ასეც იქნება.

სოფიო ჩიტალაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *