უხილავი მასპინძელი

არის რეალობები, რომლებიც იმდენად ნაცნობი და ყოველდღიურია, რომ მათი უსამართლობა შეუმჩნეველი ხდება. აღარ გვიკვირს ქალი, რომელიც მთელი დღეს სამზარეულოში ატარებს, სტუმრებისთვის ყველაფერს აკეთებს და ბოლოს თვითონვე რჩება ნასუფრალთან. აღარ გვიკვირს კაცები, რომლებიც სუფრას უდარდელად უსხედან, ღვინოს სვამენ, სადღეგრძელოებს ამბობენ და იმ ადამიანის არსებობასაც კი ივიწყებენ, ვინც ეს ყველაფერი მათთვის მოამზადა. სწორედ ამ ნორმალიზებულ ყოფით რეალობას აჩვენებს მარიამ ბიწაძის სტუდენტური ფილმი „სუფრა“ (2022) – და ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ არაფერს ისეთს არ გვთავაზობს, რაც ჩვენთვის უცხოა.

მთავარი პერსონაჟი ნელიკოა – ტრადიციული დიასახლისი, რომლის დღეც ბაზარში წასვლით იწყება და საჭმლის მომზადებით გრძელდება. ის ცდილობს, სუფრა მაქსიმალურად ესთეტური, გემრიელი და მოწესრიგებული იყოს. ყველაფერს თავად აკეთებს და ამ პროცესში მისი დაღლილობა თითქოს არავის აინტერესებს. პირიქით, ეს შრომა იმდენად ბუნებრივად არის აღქმული, რომ მისი არსებობაც კი თანდათან უხილავი ხდება. სწორედ ამაშია ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იდეა: რაც უფრო სრულყოფილია ნელიკოს მიერ შექმნილი სუფრა, მით უფრო უხილავი ხდება თავად ნელიკო.

საღამოს სტუმრებს ხვდება ნელიკოს ქმარი, რომელიც სტუმრების მოსვლამდე კადრში არ ჩანს. თითქოს სწორედ ის არის ამ სახლის მთავარი მასპინძელი, ოჯახის წარმომადგენელი და „ბურჯი“, მაშინ როდესაც ქალი, რომელმაც მთელი დღე იშრომა რათა მოემზადებინა სტუმრებისთვის სუფრა, სუფრის მიღმა რჩება. ეს პატარა დეტალი ძალიან ბევრს ამბობს იმ როლებზე, რომლებიც ოჯახსა და საზოგადოებაში ქალსა და კაცს აქვთ მინიჭებული.

შემდეგ იწყება სუფრა – ღვინო, სადღეგრძელოები, სიცილი და ჭორაობა. სტუმრები ერთმანეთის ახლობლებს განიხილავენ და აკრიტიკებენ. ეს საუბრები თითქოს არაფრისთვის არის საჭირო, მაგრამ მაინც აუცილებელ ნაწილად იქცა ქართული სუფრის კულტურაში. ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან არა იმას, თუ როგორ გრძნობს თავს მასპინძელი, არამედ ვისზე შეიძლება კიდევ ისაუბრონ. ამ დროს ნელიკო ისევ სამზარეულოში ფუსფუსებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ მაშინ დგება, როდესაც ვიღაც სვამს კითხვას, ნუთუ არ უნდა დაელოდონ იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი მოამზადა. ეს კითხვა თითქოს წამით არღვევს იმ უხილავ წესს, რომლის მიხედვითაც ნელიკო სუფრის ნაწილი კი არა, მისი მომსახურე ძალაა. თუმცა პასუხი ცივი და მარტივია. როგორც ჩანს, სტუმრებისთვის პრიორიტეტად ცხელი ტოლმა რჩება, სუფრა კი კვლავ გრძელდება.

ეს სცენა მაყურებელში დისკომფორტს იწვევს, რადგან ვიცით ის, რასაც სუფრასთან მსხდომი ადამიანები თითქოს ვერ ამჩნევენ: ადამიანი, რომელმაც მათთვის საჭმელი მოამზადა და მთელი დღე იშრომა, მათ გვერდით დასვენებულიც კი არ ზის. სტუმრები ჭამენ, სვამენ და სადღეგრძელოებს ამბობენ, ნელიკო კი კვლავ მათთვის შრომობს.

მისი დაღლილობა თანდათან ფიზიკურიდან ემოციურში გადადის. კამერა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მის სახეს და სწორედ პორტრეტებში ვხედავთ პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას. ნელიკოს თვალებში ჩანს სევდა, იმედგაცრუება და მარტოობა. საინტერესოა, რომ ამ სახლში უამრავი ადამიანია, მაგრამ ნელიკო მაინც სრულიად მარტოა.

ნელიკოს მარტოობას კიდევ უფრო ამძაფრებს საკუთარი ოჯახის დამოკიდებულება. ფილმის ბოლოს სუფრას მისი შვილიც უერთდება. დაღლილ დედასთან მისვლა, მისი მოკითხვა ან იმის კითხვა, როგორ არის, თითქოს არც კი ახსენდება. მასაც იგივე სჭირდება, რაც სტუმრებს – თეფში, ჭიქა და ადგილი სუფრასთან. ამ სცენაში განსაკუთრებით კარგად ჩანს, როგორ გადაეცემა ერთი თაობიდან მეორეს ის დამოკიდებულება, რომელშიც ქალის შრომა ბუნებრივ მოვალეობად აღიქმება და არა შრომად, რომელიც დაფასებას იმსახურებს.

ამიტომ „სუფრა“ მხოლოდ ერთი ქალის ამბავი აღარ არის. ფილმი უფრო ფართო სოციალური რეალობის სურათს ქმნის. ნელიკო შეიძლება ერთი კონკრეტული პერსონაჟი იყოს, მაგრამ მისი მდგომარეობა ბევრისთვის ნაცნობია. ქალი, როგორც დედა, ცოლი და დიასახლისი, ხშირად იმდენად არის მიბმული სხვებზე ზრუნვის იდეასთან, რომ საკუთარი სურვილებისთვის, დაღლილობისთვის და საჭიროებებისთვის ადგილი აღარ რჩება.

ფილმის დასასრული ამ ყველაფერს საბოლოო დარტყმას აყენებს. სუფრა დასრულებულია. სტუმრები ნაჭამ-ნასვამი არიან. სადღეგრძელოებიც ნათქვამია. ნელიკოს კი კვლავ ალაგება უწევს. ამ დროს მისი ქმარი, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში სუფრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, მთვრალი ტახტზე წევს და სძინავს.

„სუფრის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ისაა, რომ რეჟისორი მაყურებელს პირდაპირ არ ეუბნება, რა უნდა იფიქროს. ფილმი არ გვიკითხავს მორალს და არ ცდილობს, პერსონაჟები მარტივად დაყოს კარგებად და ცუდებად. ის უბრალოდ გვაჩვენებს ყოველდღიურობას და გვიტოვებს ყველაზე უხერხულ კითხვასთან: რამდენად ნორმალური გახდა ჩვენთვის ეს ყველაფერი?

და როდესაც ბოლოს ნელიკო კვლავ მარტო რჩება დასალაგებელ სუფრასთან, ყველაზე მძიმე სწორედ ის არის, რომ მის მარტოობას ხმაური არ ახლავს. არ არის დიდი ჩხუბი, ტრაგიკული მუსიკა ან დრამატული მონოლოგი. მხოლოდ დაღლილი ქალია, არეული სუფრა და მძინარე ქმარი.

ზოგჯერ ყველაზე ძლიერი კრიტიკა სწორედ მაშინ იქმნება, როდესაც რეჟისორი არაფერს გვეუბნება პირდაპირ – უბრალოდ გაჩვენებს იმას, რასაც ყოველდღე ვხედავთ და გვაიძულებს, პირდაპირ გავუსწოროთ თვალი რეალობას.

აღსანიშნავია ფილმის კადრების ესთეტური მხარე, ასეთი რეალური შინაარსის მიუხედავად იგი სასიამოვნო საყურებელია. მხატვრობა და მთავარი პერსონაჟის ხასიათი თანხვედრაში მოდის იმ ესთეტიკით, რაც ნელიკოს გმირს ახასიათებს. ეს სტუდენტური ნამუშევარი ზუსტად გადმოცემს იმ კინემატოგრაფიულ ხაზს, რომელშიც ასახული რეალობა მაყურებელს საკუთარი ყოფიერების მაგალითებს ახსენებს.

ნანა მჭედლიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *