მრავლისმთქმელი სახეები

წარმოიდგინეთ, მაცივარს გამოაღებთ და იქ განთავსებული ნათურა სიცარიელის გარდა არაფერს ანათებს. ყოველი დღის საღამოს მოკანკალე ხელზე ხურდებს ითვლი, რომ პური იყიდო. უმეტესი ჩვენგანისთვის ეს რეალობა მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს. ვინ იცის, ზოგს, ალბათ, ამის წარმოდგენაც არ შეეძლოს. პარალელურად კი არსებობს სოციალური კლასი, რომელიც იმდენად დაჩაგრულია, თავიანთ პრობლემებს ჩვენ ყოველდღიურ წუწუნზე გაცვლიდნენ. სიღარიბე ხშირად სტატისტიკურ მონაცემად, სოციალურ პრობლემად ან საინფორმაციო გადაცემის რამდენიმე წუთად გვევლინება, თუმცა მის შიგნით მყოფი ადამიანისთვის ის ყოველდღიური ცხოვრების ფორმაა. სწორედ ეს ქმნის მის ყველაზე მძიმე მხარეს: ადამიანი აღარ არსებობს სიღარიბის პირობებში მხოლოდ დროებით, არამედ სწავლობს მასში ცხოვრებას.

სიღარიბის ტრაგედია ყოფის ნორმალიზაციაში მდგომარეობს. ამ ცხოვრებიდან თითქოს გამოსავალი არ არსებობს. ირგვლივ ყველაფერი ერთნაირად უსახურია; სახეები ერთნაირად გამოფიტული; სახლები ერთიმეორის მსგავსად ჩამომდნარი, შესაბამისად, გარემოს მწარე სიმართლე სისხლ-ხორცში აქვს მოკვდავს გამჯდარი. ნათია შარმიაშვილის სტუდენტურ ფილმში „სიჩუმე“ (2021) ეს კონდიცია წარმოჩენილია როგორც ბრუტალური მდგომარეობა, რათა მოახდინოს ჩვენს კეთილმოწყობილ გონებაში შემოღწევა. ფილმი თითქოს გვაიძულებს შევხედოთ იმას, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივად ავუვლით გვერდს. ქუჩას, რომელსაც შეიძლება უბრალოდ „ღარიბ უბნად“ მოვიხსენიებდეთ, რეჟისორი ადამიანური არსებობის სივრცედ გვაჩვენებს, სადაც თითოეულ კედელს, სახესა და ცარიელ ოთახს საკუთარი ისტორია აქვს.

ფილმი ამ მხრივ გამოსარჩევია. რეჟისორის კამერა მთლიანად ფოკუსირდება უშუალოდ ღარიბ უბანზე. კინოსურათი იწყება გრძელი კადრით, რომელიც უსახურ ქუჩას მიუყვება და სრულდება იმავე ხერხით, მათ შორის კი არის ახლო ხედები იქ მცხოვრებ ადამიანებზე, დიალოგების გარეშე. ფაქტობრივად, მოქმედება სიუჟეტის გარეშე მიმდინარეობს. ისე ჩანს, თითქოს შარმიაშვილი ცდილობს მოძრავი სურათების ხარჯზე გააცოცხლოს მაყურებლისთვის სიდუხჭირის გარემოება. ეს კრეატიული გადაწყვეტილება მეტ სითამამეს მოითხოვს. მართალია, სცენები აშკარად კომპოზირებულია, მაგრამ მხატვრულ-დოკუმენტურ სტილისტიკაში მთლიანი დატვირთვა იდეასა და მონტაჟზე მოდის. შესაბამისად, ფილმის მნიშვნელობა და რეჟისორის ნიჭიც აქ ჩანს ან იკარგება.

ამგვარი კინოს მთავარი სირთულე ის არის, რომ რეჟისორს მუდმივად უწევს ზღვარზე სიარული დოკუმენტურ რეალობასა და ესთეტიზებულ სურათს შორის. ერთი მხრივ, კამერა ცდილობს არ ჩაერიოს, უბრალოდ დააკვირდეს. მეორე მხრივ, თავად კადრის შერჩევა, მისი ხანგრძლივობა, ადამიანების სახეების ჩვენება და მონტაჟში მათი ერთმანეთთან დაკავშირება უკვე ავტორის პოზიციაა. თითქოს არაფერს გვეუბნებიან, მაგრამ სწორედ ამ დუმილში იქმნება ფილმის სათქმელი. „სიჩუმეში“ დიალოგების უქონლობა გადაწყვეტილებაა, რომელშიც პერსონაჟებს თითქოს აღარ აქვთ სათქმელი, რადგან მათი ყოფა იმდენად განმეორებადი და მძიმეა, რომ სიტყვა ზედმეტი ხდება.

ალენ რენეს გახმაურებულ ფილმს, „ღამე და ნისლი“ რომ შევხედოთ, იგი გვაწვდის ადამიანური სისასტიკის ჩადენის ზღვარს დოკუმენტური კადრებით. ამ ფილმის სიძლიერე სწორედ ბარბაროსულ რეალობაშია, რომელიც შეულამაზებლად მოვიდა ეკრანებამდე. შესაბამისად, „სიჩუმის“ რეჟისორის ეს გადაწყვეტა სულ მცირე ფილმის ტრაგიზმის გააზრებასა და მსჯელობას მაინც გამოიწვევს მაყურებელში, თუმცა განსხვავება ისაა, რომ რენესთან ისტორიული კატასტროფის მასშტაბი უკვე ცნობილია და კადრები მეხსიერების წინააღმდეგ მუშაობს, ხოლო „სიჩუმეში“ ტრაგედია უფრო ყოველდღიურია. აქ არ არის ერთი დიდი მოვლენა, რომელსაც შეიძლება მივაწეროთ ადამიანების გაჭირვება. პირიქით, ტრაგედია იმაშია, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ადამიანები უბრალოდ აგრძელებენ ცხოვრებას, ამიტომაც ფილმში სახეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ისინი არ არიან მხოლოდ კონკრეტული პერსონაჟები, რომლებსაც უნდა გავუგოთ ან მათი ბიოგრაფია შევისწავლოთ. ისინი თითქოს სოციალური მდგომარეობის გამომსახველ სახეებად იქცევიან. დაღლილი თვალები, უძრავი გამომეტყველება, ჩუმი მზერა და ყოველდღიური მოძრაობები ქმნის განცდას, რომ კამერა არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ თვითონ სიღარიბის სახეს უყურებს. სწორედ აქედან მოდის სათაურის მნიშვნელობაც: „სიჩუმეში“ ადამიანები თითქოს საკუთარ თავში არიან ჩაკეტილი. მათსა და დანარჩენ სამყაროს შორის უხილავი კედელია, რომლის გადალახვაც მხოლოდ კამერას შეუძლია.

ცალკე მსჯელობის საკითხია, საკმარისია თუ არა იდეა და „ლამაზი კადრი“ ფილმისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, სიღარიბის სიმძიმე და სუბიექტების ახლო კადრები მოახდენს ემოციურ გავლენას კინოსურათის ავკარგიანობის მიუხედავად. გაჭირვების ჩვენებაც „მარტივი“ სატყუარაა საზოგადოების მგრძნობელობისათვის. ასეთ ფილმში მთავარია შევხედოთ, როგორი ეფექტით შეძლო რეჟისორმა ამბის თხრობა. მხოლოდ “აზრიანი” კადრი თავისთავად ვერ გახდება ფილმის მხატვრული ღირებულების გარანტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური უბედურება შეიძლება უბრალოდ ვიზუალურ დეკორაციად იქცეს და მაყურებელში დროებითი ემოცია გამოიწვიოს, რომელიც კადრის დასრულებისთანავე გაქრება.

აქ ჩნდება ეთიკური საკითხიც: სად მთავრდება ადამიანის ცხოვრების ჩვენება და სად იწყება მისი გაჭირვების ესთეტიზაცია? როდესაც კამერა ძალიან ახლოს მიდის ადამიანის სახესთან, მაყურებელი თითქოს მის პირად სივრცეშიც შედის. ეს შეიძლება თანაგრძნობის გამომწვევი იყოს, მაგრამ, ამავდროულად, საპირისპირო შედეგიც ჰქონდეს, რომ სხვისი უბედურება სანახაობად იქცეს. სწორედ ამიტომ ასეთი ფილმის შეფასებისას მხოლოდ ის არ უნდა ვიკითხოთ, „რამდენად მძიმე იყო ნანახი“. უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, რა გააკეთა რეჟისორმა ამ სიმძიმით – დაგვაფიქრა თუ უბრალოდ დაგვაინტერესა? დაგვანახა სოციალური პრობლემა თუ მხოლოდ მის ესთეტიკურ ზედაპირს წაეთამაშა?

„სიჩუმე“ საინტერესო სწორედ იმიტომ ხდება, რომ ცდილობს ამ პრობლემას სიუჟეტური ახსნა არ დაუმატოს. ფილმი არ გვთავაზობს მარტივ მიზეზს და, მითუმეტეს, მარტივ გამოსავალს. არ ჩნდება გმირი, რომელიც ყველაფერს შეცვლის, არც ბედნიერი დასასრული მოდის იმის დასამტკიცებლად, რომ გაჭირვებიდან გამოსვლა ყოველთვის შესაძლებელია. ამ თვალსაზრისით, ფილმის რეალისტურობა სწორედ უიმედობის სიმარტივეშია. სიღარიბე აქ არ არის დაბრკოლება, რომელიც პერსონაჟმა უნდა გადალახოს; გარემოა, რომელშიც პერსონაჟი უკვე ცხოვრობს. „სიჩუმის“ მთავარი ღირებულება შესაძლოა სწორედ იმაში მდგომარეობდეს, რომ იგი მაყურებელს არ აძლევს საშუალებას, ღარიბი უბანი მხოლოდ ფონად აღიქვას. ჩვეულებრივ კინოში გარემო ხშირად პერსონაჟებს ემსახურება, აქ კი პირიქით ხდება; გარემო თვითონ ხდება მთავარი პერსონაჟი. ჩამოშლილი სახლები, ცარიელი სივრცეები, უსახური ქუჩები და დაღლილი სახეები ერთ დიდ პორტრეტად ერთიანდება. ამ პორტრეტში კონკრეტული ადამიანის მიღმა მთელი სოციალური ფენა იკითხება.

სიღარიბეზე ფილმის გადაღება თავისთავად რთული არ არის; რთულია სიღარიბის ისე ჩვენება, რომ იგი მაყურებლისთვის კიდევ ერთი ნაცნობი ტრაგიკული სურათი არ გახდეს. „სიჩუმე“ სწორედ ამ საფრთხეს უპირისპირდება დუმილით, ხანგრძლივი კადრებითა და ადამიანების სახეების დაჟინებული ჩვენებით. შეიძლება ვიკამათოთ, რამდენად საკმარისია ეს ხერხები სრულფასოვანი კინოს შესაქმნელად, მაგრამ შეუძლებელია უარვყოთ ის დისკომფორტი, რომელსაც ფილმი ტოვებს. ყველაზე მრავლისმთქმელი აქ სწორედ სახეებია, სახეები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი და მაინც ყველაფერს ამბობენ.

გიორგი ბაჯელიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *